დღეს, ერთობლივ ბრიფინგზე "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ საკონსტიტუციო კომისიის წევრად პარტიის მხრიდან დიმიტრი ლორთქიფანიძე წარადგინა. დიმიტრი ლორთქიფანიძემ მადლობა გადაუხადა ნინო ბურჯანაძეს გამოცხადებული ნდობისთვის და აღნიშნა, რომ ქვეყნის წინაშე დგას მნიშვნელოვანი გამოწვევები, რომელიც დაკავშირებულია არა მხოლოდ ცვლილებების შეტანასთან, არამედ მთლიანად კონსტიტუციის ახალი რედაქციის შემუშავებასთან:
"ჩვენი მონაწილეობა აღნიშნულ კომისიაში იქნება მაღალი მარგი ქმედების კოეფიციენტით გამორჩეული. ჩვენს წინაშე არსებულ პრობლემებს შორის საარჩევნო სისტემის განვითარება იქნება სწორედ ის მნიშვნელოვანი საკითხი, რომელთან დაკავშირებითაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას გააჩნია მნიშვნელოვანი რეკომენდაცია. ამ რეკომენდაციის მიხედვით მოწოდებულია საქართველოში მოქმედი ყველა პოლიტიკური ძალა გაერთიანდეს იმ იდეის გარშემო, რომ შეიცვალოს საარჩევნო სისტემა და ჩამოყალიბდეს პროპორციული რეგიონალური საარჩევნო სისტემა. ჩვენი მონაწილეობა უზრუნველყოფს ამ მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხის გადაწყვეტას.
2010 წელს მიღებული ურთიერთგანსხვავებული პოლიტიკური სისტემების ჰიბრიდი დღეს როგორ მუშაობს ძალიან კარგად ხედავთ. პარლამენტი უფლებამოკლებულია შესაძლებლობას, რომ აკონტროლოს აღმასრულებელი ხელისუფლება, პრეზიდენტი არა თუ საგარეო წარმომადგენლობის უფლებით სარგებლობს, არამედ საერთოდ გასულია მომსახურების არედან.
ეს არის კიდევ ერთი ნათელი დადასტურება რომ მხოლოდ ცვლილებებით ჩვენ ვერ შემოვიფარგლებით და საბოლოო ჯამში პოლიტიკურ დღის წესრიგში დადგება საკითხი ახალი საკონსტიტუციო რედაქციის მიღებისა, რომელზეც მუშაობა მომავალში გაგრძელდება. დღეს კი მზად ვართ, პირველ რიგში სწორედ საარჩევნო სისტემის განვითარების, ადამიანის უფლებებისა და სასამართლო ხელისუფლების თავით გათვალისწინებული ძალიან მნიშვნელოვანი წინადადებები წარვუდგინოთ კომისიას, რომელიც უკვე შემუშავებულია პარტიის ბაზაზე."