2013 წლის 2 აგვისტოს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის წინა მოწვევის საკრებულოს #169 ბრძანების საფუძველზე შექმნილმა კომისიამ, რომელშიც 35 წევრი იყო, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლის საპროექტო ესკიზი გამოავლინა. გამოცხადებულ კონკურსში სამი პირი მონაწილეობდა _ შპს "იერი"; შპს "არქილიგა" და ი.მ. გიორგი კვიწინაშვილი.
საკონკურსო წინადადების შეფასება და გამარჯვებული კონკურსანტის გამოვლენა 10-ქულიანი სისტემით მოხდა, სადაც განსაზღვრული იყო კრიტერიუმები: არქიტექტურული კონცეფცია და ესკიზი: კოეფიციენტი _ 0,7; საკონკურსო წინადადების ფასი _ 0,3.
ხმათა უმრავლესობით კომისიამ გამარჯვებულად შპს "არქილიგის" პროექტი სცნო.
გამარჯვებული პროექტი ტენდერზე 2014 წლის 16 ივნისს გავიდა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულებად 2 076 000.00 ლარი იყო მითითებული. ტენდერში მონაწილეობა ექვსმა კომპანიამ მიიღო. გამარჯვებულად შპს "NBG" გახდა, რომელმაც სამუშაოების გახორციელებაზე პასუხისმგებლობა 1 661 912 (ერთი მილიონ ექვსას სამოცდაერთი ათას ცხრაას თორმეტი) ლარად აიღო.
ხელშეკრულების თანახმად, კომპანიას 25 დეკემბრამდე 1 მილიონი ლარის სამუშაოები უნდა შეესრულებინა. გამგეობამ კომპანიას პირველ ეტაპზე 300 000 ლარი ჩაურიცხა, თუმცა, კომპანიამ მხოლოდ 50 000 ლარის სამუშაოები შეასრულა და ამის შემდეგ მისი ასავალ-დასავალი უცნობია.
მუნიციპალიტეტის გამგეობამ "NBG"-ს ხელშეკრულება შეუწყვიტა, დაწყებული მშენებლობა აკურთხებინა და ტენდერი ხელახლა გამოაცხადა, თუმცა, იგი ორ დღეში გაუქმდა. ამის მიზეზი კი ის გახდა, რომ მთავრობის განკარგულებით ჩაშლილ ტენდერებზე ხელშეკრულება ერთ პირთან მოლაპარაკების წესით უნდა გაფორმდეს.
ჩვენი წყაროს თქმით, მშენებელი კომპანია გუბერნატორმა უნდა შეარჩიოს. მხარის პირველი პირი ამბობს, ამ საკითხზე მუშაობს, თუმცა, კომპანიის ნახვა, რომელიც გამოყოფილ თანხაში მშენებლობას დაიწყებს, გართულდა:
_ მე რეალურად შევასწავლინე თანხის იდენობა. რაც გამოყოფილია, არ არის საკმარისი მშენებლობისთვის. სერიოზულმა კომპანიებმა ამ თანხაში სამუშაოების შესრულებაზე უარი თქვეს. არ გამოვრიცხავ, რომ ვიღაცამ გააკეთოს, მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ ხარისხზე, დაბალ ფასში კი საეჭვოა, სამუშაო ხარისხიანად შესრულდეს. აპრიორი იმის თქმა, რომ არ გაკეთდება, არ შემიძლია, თუმცა, როცა ტენდერზე დაიდო პროქტი, ვიღაც შემოვიდა და 400 000 ლარი დააკლო. ფაქტია, რომ ვერ გააკეთა, _ ამბობს გიორგი ჩხაიძე.
მისივე თქმით, არ არის გამორიცხული, პროექტის გადახედვა მოხდეს, თუმცა დასძენს, რომ ეს ადგილობრივი ხელისუფლების პრეროგატივაა:
_ შესაძლებელია, პროექტი გადაიხედოს და შედეგად მივიღოთ ხარისხიანი, თანამედროვე და კარგი შენობა, რომელიც ჩოხატაურს ასე ძალიან სჭირდება, _ ამბობს გუბერნატორი.
არსებული პროექტის თანახმად, ჩოხატაურის კულტურის სახლს 500-კაციანი დარბაზი ექნება. აღსანიშნავია, რომ გამოყოფილ თანხაში არ შედის შენობის მოწყობა და ტექნიკით აღჭურვა, სხვა საუბრის თემაა ამ მასშტაბის შენობის მოვლა-შენახვა. ჩვენს კითხვაზე, სჭირდება თუ არა ჩოხატაურს 500-კაციანი დარბაზი, ადგილობრივ ხელისუფლებაში ამბობენ, რომ არსებული პროექტი საკონკურსო კომისიამ შეარჩია და ხელახალი პროექტირება ხარჯებს კიდევ უფრო გაზრდის.
კითხვაზე, რამდენად არის შესაძლებელი პროექტის შეცვლა და სამუშაოების დროულად დაწყება, ჩოხატაურის გამგებელი ირაკლი კუჭავა ამბობს, რომ ამ თემაზე კომენტარს მას შემდეგ გააკეთებს, რაც დეტალებს შეისწავლის.
გიორგი ჩხაიძე კი არ გამორიცხავს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი ადგილობრივი ხელისუფლება არსებულ პროექტს გადახედავს და მასში ცვლილებებს შეიტანს, ჩოხატაურს ხარისხიანი კულტურის სახლი ჰქონდეს.
_ ბატონო გიორგი, თუკი მოხდა პროექტის გადახედვა და მასშტაბების შემცირება, გამოყოფილ თანხაში ხარისხიანი შენობის აშენება შესაძლებელია?
_ თავისთავად, რადგან დღეს სამშენებლო ღირებულება ერთ კვადრატული მეტრის პირდაპირპროპორციულია. ფართობის შემცირებით ხარისხის გაზრდაცაა შესაძლებელი.
_ როგორც ვიცით, დღეის მდგომარეობით გამოყოფილ თანხაში გათვალისწინებულია მხოლოდ შენობის აგება.
_ დიახ, ეს გადაწყვეტილება მუნიციპალიტეტმა მიიღო. აქედან გამომდინარე, ის სრულად არის პასუხიმგებელი ამ პროექტზე.
_ ეს პროექტი წინა მოწვევის საკრებულომ შეარჩია…
_ რა მნიშვნელობა აქვს? თუ ახალი საკრებულო ამაში პრობლემას ვერ ხედავს და მიაჩნია, რომ აქ ცვლილების შეტანა არ არის საჭირო, ე. ი. ეთანხმება არსებულ პროექტს და ცვლილება არ მოხდება, _ ამბობს გუბერნატორი და დასძენს, რომ ამ ეტაპზე, კომპანიებთან მოლაპარაკება არსებულ პროექტზე მიმდინარეობს.
"ზედმეტად პომპეზურია და ეს თავიდანვე ვთქვი," _ ამბობს "გურია ნიუსთან" საუბრისას ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატი თემურ ჭკუასელი:
_ ეს თემა ძალიან მაწუხებს. სამწუხაროდ, გამარჯვებულმა ფირმამ ნაკისრი ვალდებულება ვერ შეასრულა. სხვათა შორის, როცა აღნიშნულმა კომპანიამ გაიმარჯვა, მისი საქმიანობით დავინტერესდი. როგორც გავარკვიე, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დაკვეთით ასრულებდნენ სამუშაოებს. პირადად შევხვდი მინისტრს და ვესაუბრე. აღფრთოვანება არ გამოუხატავთ, მაგრამ "შავ სიაშიც" არ იყო კომპანია _ ასე თუ ისე, ასრულებდნენ სამუშაოებს. მე დამაეჭვა ფასის ასე მკვეთრად დაცემამ. ის ფირმა, რომელიც ვიცი, რომ კარგი და გამოცდილია, სწორად უდგება საკითხს. სამწუხაროდ, ასეთი კანონებია ახლა და ალბათ, სწორედ კანონია გადასახედი. კომპანია, რომელიც საქმეს ვერ აკეთებს, "მშრალად" გამოდის _ დაჯარიმებაც კი არ შეგვიძლია. მოკლედ, ძალიან ცუდად არის საქმე.
_ თქვენ კანონმდებელი ხართ და ამ თემას სწორედ თქვენ უნდა მიხედოთ…
_ გეთანხმებით. ამ კუთხით კანონმდებლობა შესაცვლელია, რადგან ბოლო პერიოდში არა ერთი მსგავსი შემთხვევა მოხდა ("გურია ნიუსის" ინფორმაციით, 300 პროექტიდან 27 მასშტაბური პროექტის გახორციელება სწორედ მსგავსი პრობლემის გამოა შეჩერებული ნ. გ). მაგ თემაზე ძალიან ვნერვიულობდი. ამდენი ხნის მანძილზე მხოლოდ ორმო ამოთხარეს და ღობე შემოარტყეს.
_ ბატონო თემურ, როგორც ვიცით, მშენებლობა უნდა განახლდეს და კომპანია ერთ პირთან მოლაპარკების წესით შეირჩეს. გუბერნატორი ამბობს, რომ გამოყოფილი თანხა ხარისხიანი მშენებლობისთვის საკმარისია არაა და სერიოზული კომპანიები სამუშაოს დაწყებას ამ მიზეზით არ თანხმდებიან. სწორედ ამის გათვალისწინებით დაისვა საკითხი პროექტში ცვლილებების შეტანის შესახებ… თუნდაც მხოლოდ დარბაზის შემცირების… გულწრფელები რომ ვიყოთ, უნდა ვთქვათ, რომ ხშირ შემთხვევაში კინოდარბაზი, რომელშიც მხოლოდ 200 ადამიანი ეტევა, არ ივსება და 500-კაციანი დარბაზის გავსება ადვილი არ იქნება… თქვენ რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით…
_ საუბარი ყველაფერზე შეიძლება. მე არ ვიცი, გუბერნატორი რომელ კომპანიებს ელაპარაკა. ბათუმში არის სერიოზული კომპანია, რომელმაც ტენდერში მიიღო მონაწილეობა, თუმცა, ვერ გაიმარჯვა, რადგან გამარჯვებულმა კომპანიამ დააგდო ფასი. თან ეს კომპანია ჩემთვის იმიტომ იყო საინტერესო, რომ დამპროექტებელ კომპანიასთან ურთიერთობს და კარგად იცის, რა არის გასაკეთებელი. 2 მილიონ ლარში ისინი მზად იყვნენ აეშენებინათ შენობა. მართალია, ამ თანხაში ბევრი რამ არ შედიოდა _ გახმოვანება და შიდა ინფრასტრუქტურა, რაც კულტურის სახლს სჭირდება, თუმცა, ამის შესახებ მე ჩემი გეგმა მქონდა და ინვესტორიც კი მყავდა მოძებნილი _ არიან გურიაზე ჩემსავით შეყვარებული ხალხი.
_ ეს გასაგებია, მაგრამ პროექტის შეცვლაზე რას ფიქრობთ? თუკი რეალობაა, რომ გამოყოფილ თანხაში არ ხერხდება ხარისხიანი შენობის აშენება, ამავე დროს ყველა თანხმდება იმაზე, რომ ჩოხატაურს 500-კაციანი დარბაზი არ სჭირდება და ასევე, არსებობს საფრთხე, რომ ფინანსთა სამინისტრომ გამოყოფილი თანხა უკან წაიღოს, უმჯობესი ხომ არ იქნება პროექტის შეცვლის საკითხი განიხილებოდეს? მით უმეტეს, რომ წლის ბოლომდე ცოტა დრო რჩება…
_ "მჯობნის მჯობნის" ძებნაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ პროცესი დროში ძალიან იწელება. თუმცა, ახლა ამაზე სასაუბროდ არ ვარ მზად. კარგად უნდა მოვიფიქრო ყველაფერი.
_ არსებული პროექტი თქვენ პირადად მოგწონთ?
_ მაშინვე, როგორც კი ვნახე ვთქვი რომ ცოტა, გრანდიოზული იყო, მაგრამ თუ გამოვიდოდა, რატომ არ უნდა გაკეთებულიყო? მარტო ჩვენ ხომ არ ვართ, მომავალი თაობა მოდის და შეიძლება დასჭირდეთ. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ გამორიცხული არაფერია. შეიძლება შემცირებაც. მე, რა თქმა უნდა, არ ვარ წინააღმდეგი, მაგრამ როცა ყველაფერი გადაწყვეტილი იყო და ახლა ცვლილებაზეა საუბარი… რა გითხრათ?! ძლიან მწყდება გული, რომ ასე მოხდა. ალბათ, მეტი ყურადღება ჭირდებოდა, მაგრამ გარკვეული პერიოდი ვერ მოვახერხე.
_ ადგილობრივი ხელისუფლება შიშობს, რომ პროექტის შესაძლო ცვლილება მშენებლობას საერთოდ შეაჩერებს…
_ ამაზე ვერაფერს გეტყვით _ არ ვარ ამ საქმის სპეციალისტი. რაც შეხება თანხის დაკარგვას, მე ამას შევეწინააღმდეგები და პირიქით, დამატებას ვეცდები. ტრანსფორმაცია _ არის ასეთი ტერმინი მუსიკაში. ნოტი ერთი ტონალობიდან მეორეში გადააქვთ და ამას ძალიან ადვილად ახერხებენ სპეციალისტები. თუ იგივე ხდება არქიტექტურაში, ეს გასარკვევია და მერე უფრო დეტალურად შემიძლია ამ საკითხზე საუბარი, _ ამბობს ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატი.
სანამ ჩინოვნიკები სიტუაციებს არკვევენ, კომპანიებს ეძებენ და ა. შ. დრო გადის, კულტურის სახლის მშენებლობა კი ისევ შეჩერებულია. ამ დრომდე გაურკვეველია NBG-ისთვის ჩარიცხული აუთვისებელი 250 000 ლარის ბედი. ადგილობრივ ხელისუფლებაში განმარტავენ, რომ თანხას სადაზღვევო კომპანია აანაზღაურებს, თუმცა, როდის, ეს არავინ იცის.
პროექტში ცვლილებების შეტანაზე, ტენდერის ხელახლა ჩატარრებასა და ახალი მშენებელი ორგანიზაციის გამოვლენაზე პასუხისმგებელი ადგილობრივი ხელისუფლებაა, ხოლო ის ინსტიტუტები, რომლებიც რეკომენდაციებს გასცემენ ხარვეზების არსებობის შემთხვევაში, პასუხს არაფერზე აგებენ. აქედან გამომდინარე, ვითარება მართლაც რთულია!