საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს უახლოეს მომავალში მოხსნიან – ასეთ შეფასებას აძლევს "სპეცსამსახურების საქმიანობაზე საზოგადოებრივი კონტროლის საქართველოს ცენტრის“ თავმჯდომარე ბესო ალადაშვილი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს.
მისი განმარტებით, გენერალური შტაბის უფროსი გარკვეულწილად ირაკლი ალასანიასთან ასოცირდება, ამიტომ უახლოეს მომავალში ვახტანგ კაპანაძესაც მოხსნიან.
"ეს გარკვეულწილად პროცედურებთანაა დაკავშირებული, მაგრამ მოსალოდნელია. ახლა კაპანაძეც რომ გადამდგარიყო, ეს დემარში იქნებოდა და სამხედრო ძალები პოლიტიკურ მოთამაშეებად გამოვიდოდნენ. რამდენიმე თვეში, თუ უფრო ადრე არა, ამ ცვლილებას ველოდები. როცა ახალი მინისტრი ინიშნება მას თავისი გუნდი მიჰყავს, დამლაგებლიდან დაწყებული, პირველი მოადგილით დამთავრებული. აქედან გამომდინარე, მუდმივად საკადრო ციებ-ცხელებაში ვართ. როგორ შეიძლება, სამინისტროს მაღალჩინოსნებს, რომლებსაც 3-4 თვე სჭირდებათ სიტუაციაში გასარკვევად, ამაზე დრო დავკარგოთ“, _ აცხადებს ალადაშვილი.