ბოლო დროს, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული მუქარა, ბრალდებები "გურია ნიუსის" ჟურნალისტების მიმართ, ყოველგვარ საზღვარს გასცდა.
ბევრი, მათ შორის, პიარსამსახურების წარმომადგენლები ან ცალკეულ ჟურნალისტებზე განაწყენებულები, დისკრედიტაციისთვის სოციალურ ქსელებს იყენებენ და შეურაცხმყოფელ, ღირსების, რეპუტაციის შემლახველ ინფორმაციას ავრცელებენ, პირად ცხოვრებაში იჭრებიან და ოჯახის წევრების შეურაცხყოფასაც არ ერიდებიან.
სულ ბოლოს, "მართალი გურულის" სახელით გავრცელებულ ე.წ. "მტკიცებულებებში" ახალი არაფერია, მიზანი კი, სახელისა და რეპუტაციის შებღალვაა: ამ შემთხვევაში, გამოყენებულია პირადი მიმოწერის ამსახველი ე.წ. "სკრინშოტები,"რომლებიც გაყალბებული ექაუნთიდანაა გაკეთებული.
კიდევ ერთხელ შევახსენებ ჩვენი დისკრედიტაციის მოსურნე ფეისბუქელებს და მსგავსთ _ სხვისი პირადი ინფორმაციის, მით უმეტეს, გაყალბების გზით, მოპოვება, შენახვა ან გავრცელება სისხლის სამართლის დანაშაულია!
ამიტომ, მივმართავ საქართველოს პროკურატურას, შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაუყონებლივ დაიწყოს ძიება და დაადგინოს სიმართლე!
ოზურგეთის პროკურატურას უკვე მივმართე შესაბამისი წერილით. იმედი მაქვს, შესაბამისი უწყებები ამ საქმეს დროულად გამოიძიებენ, გაირკვევა ვის აქვს ჟურნალისტების პირად მიმოწერასთან წვდომა, ვინ სარგებლობს ჩემი მეილითა და ფეისბუქით, ვინ აყალბებს ექაუნთებს და ვინ დგას ამ მიზანმიმართული კამპანიის უკან!