მარტვილის მუნიციპალიტეტში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, სოფლის რწმუნებულები, იგივე გამგებლის წარმომადგენლები სოფლებში, შეიცვალნენ და მათი ადგილები ახალმა კადრებმა დაიკავეს.
სამსახურებიდან განთავისუფლებული რწმუნებულების ნაწილმა, მათი დათხოვნა უკანონოდ მიიჩნია და ეს გაასაჩივრაკიდეც. თუმცა, სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი არ გამოიტანა. დანებებას მომჩივანები არ აპირებენ და გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავენ.
"გურია ნიუსს" მიაწოდეს ინფორმაცია, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ალექსანდრე გრიგალავამ, გამგებლის წარმომადგენლებთან ადმინისტრაციულ ერთეულებში, შეხვედრა გამართა, სადაც მან დამსწრეებს განუცხადა, რომ ამ საკითხზე სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორ ლევან შონიასთან ჰქონდა შეხვედრა.
მისივე თქმით, შონია მას დაჰპირდა, რომ შეხვდებოდა მოსამართლეს, დაელაპარაკებოდა და ხსენებულ საქმეზე ისეთი გადაწყვეტილება დადგებოდა, "როგორცი საჭირო იყო".
მას შემდეგ, რაც აღნიშნული ინფორმაცია სათათბირო ოთახს გასცდა, გამგებელმა რწმუნებულებს უსაყვედურა, რომ "ეს საჭორაოდ არ უთქვამს".
ინფორმაცია ამის შესახებ "გურია ნიუსთან" პირად საუბარში ერთ-ერთმა რწმუნებულმა დაადასტურა, თუმცა, სავარაუდოდ, გამგებლის შენიშნვის გამო, ოფიციალური კომენტარის გაკეთება არ ისურვა.
გამოცემა შეეცადა სხვა რწმუნებულებთანაც გადაემოწმებინა ინფორმაცია.
მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელმა სოფელ გურძემში, ელგუჯა ხარებავამ კითხვის დასმის შემდეგ გვითხრა: "როგორ გითხრათ… ჩემი გადასაწყვეტი არაა ეს, თვითონ ზემდგომებმა გადაწყვიტეს. გამგებელს ჩემთან არაფერი უთქვამს და რავიცი… ჩვენთან არ ჰქონია საუბარი."
გამგებლის წარმომადგენელ სოფელ სალხინოში, ოქროპირ ბერიშვილის თქმით, ის შეხვედრაზე არ იმყოფებოდა, თუმცა, იცის, რომ ამ საკითხზე საუბარი არ ყოფილა.
"არა, საქმის კურსში არ ვარ. არაფერი არ ყოფილა მაგ თემაზე, მე არ ვყოფილვარ მანდ."
დავით ხუხუა, გამგებლის წარმომადგენელი სოფელ დიდ ჭყონში, "გურია ნიუსთან" საუბრისას აღნიშნულს უარყოფს – "ვინ მოგიტანათ ეს ამბავი? ასეთი საუბარი არ ყოფილა, მოგატყუეს."
"გურია ნიუსი" დაუკავშირდა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პრესსამსახურსაც, სადაც განმარტავენ, რომ გუბერნატორს რეგიონების განვითარების პროექტებთან დაკავშირებით გამგებლებთან მუდმივი შეხვედრები აქვს, ამიტომ, დაზუსტებით იმის თქმა – უახლოეს წარსულში იმყოფებოდა თუ არა მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებელი ალექსანდრე გრიგალავა ლევან შონიასთან შეხვედრაზე, ვერ შეძლეს.
"გუბერნატორი არასდროს არავისთან შეხვედრაზე არ ამბობს უარს. პასუხობს ყველას სატელეფონო ზარს. მას მუდმივად აქვს შეხვედრები რეგიონების განვითარების პროექტებთან დაკავშირებით ყველა გამგებელთან, რომელიც ცოტა ხნის წინ შედგა.
ეწყობა სამუშაო თათბირები და ყველა რაიონის პრობლემას ეცნობა. ასე რომ, შეხვედრა შედგა თუ არა ვერ გეტყვით, რადგან ეს შეხვედრები არის მუდმივად, მაგრამ ინფორმაცია – რომ გუბერნატორი გამგებელს მოსამართლესთან შეხვედრას და საუბარს დაჰპირდა, არასერიოზულია. მსგავსი რამ არ შეიძლება ყოფილიყო. ამას ლევან შონია არასდროს იტყოდა.
ადმინისტრაციის შენობაში არც მოსამართლე და არც პროკურორი მე არ მინახავს", _ განმარტავს გუბერნიის პრესსამსახურის წარმომადგენელი ნანა ფაჟავა.