დღეს, ოზურგეთში, გაზეთ "გურია ნიუსის" ოფისში, გენდერის მედიაცენტრი გაიხსნა.
გენდერის მედიაცენტრები საქართველოს 8 ქალაქში გაიხსნება. ცენტრებს უხელმძღვანელებენ რეგიონში მოქმედი წამყვანი მედია საშუალებები და მათი წარმომადგენლები. მედიაცენტრები იხსნება პროექტის "ერთად გენდერული თანასწორობისათვის" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს "ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის" "საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის" მხარდაჭერით.
გენდერის მედია ცენტრში მოსახლეობას, მედიას, არასამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაციებს, პოლიტიკურ პარტიებს შეეძლებათ მიიღონ ინფორმაცია გენდერული თანასწორობის, ქალთა უფლებების, გენდერის და არჩევნების, კონკრეტული ქალი კანდიდატების საარჩევნო პროგრამების და აქტივობების, მედიაში გენდერული თანასწორობის და ქალთა საკითხების გაშუქების სტანდარტების და წესების შესახებ.
ცენტრი ასევე დახმარებას გაუწევს პარლამენტის და საკრებულოს ქალ წევრებს, ლიდერ ქალებს, გენდერულად მგრძნობიარე პარტიებს და გენდერულ საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს სხვადასხვა ტიპის შეხვედრების ორგანიზებასა და მედიასთან ურთიერთობაში.