პატივცემულო რედაქცია, ძალიან გთხოვთ, გვესაუბროთ ბრუცელოზის შესახებ, რომელიც გურიაშიც აღინიშნა რამდენიმე სოფელში. გვყავს მრავალი მსხვილფეხა საქონელი და გვინდა, ვიცოდეთ, ბრუცელოზის გავრცელების სერიოზული საშიშროება თუ არსებობს.
ბადრი ქურიძე, ოზურგეთი, სოფელი დვაბზუ
ბადრი ქორიძის წერილზე პასუხის გაცემა სურსათის ეროვნული სააგენტოს, გურიის რეგიონული სამმართველოს უფროსს კახა თავბერიძეს ვთხოვეთ.
_ ცხოველთა ბრუცელოზს მწვავე მიმდინარეობა ახასიათებს, თუმცა, უფრო უსიმპტომოა. მართალია, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ზოგ სოფელში აღმოჩნდა ბრუცელოზის ცალკეული შემთხვევები. ამჯერად დაწყებულია საქონლის სისხლის კვლევა, იღებენ ანალიზს, რომელიც იგზავნება საველე ლაბორატორიაში.
თუ აღმოჩნდება დაავადებული პირუტყვი, იგი, შესაბამისი უსაფრთხო წესების დაცვით, დაიკვლება. დღეისთვის სამუშაოები ჩატარებულია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ვაკიჯვარში, ურეკში, ნატანებში, ტარდება სოფელ მერიაში _ ძირითადად იქ, სადაც მაღალი რისკის მატარებელი ზონებია.
კვლევა, ორი თვეა, დაწყებულია და სულ ათამდე დაავადებული საქონელი აღმოჩნდა. ჩვენს მოსახლეობას ვურჩევ, მშვიდად და ყურადღებით იყოს, რადგან ტარდება შესაბამისი ღონისძიება, რაც ბრუცელოზის კერის ლიკვიდაციას მოახდენს, _ გვითხრა კახა თავბერიძემ.