საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების ყოფილი მინისტრი დავით დარახველიძე სოფლის მეურნეობის სამინისტროში მუშაობას იწყებს.
როგორც "გურია ნიუსს“ სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, დავით დარახველიძე ერთ-ერთ თანამდებობაზე მოიაზრება, თუმცა, კონკრეტულ თანამდებობას არ ასახელებენ.
"გიდასტურებთ, რომ დავით დარახველიძე ნამდვილად მოიაზრება ჩვენს სამინისტროში ერთ-ერთ თანამდებობაზე“, _ აცხადებენ პრესსამსახურში.
"გურია ნიუსის“ წყაროს ინფორმაციით, დარახველიძე მინისტრ ოთარ დანელიას მოადგილედ ინიშნება, თუმცა, ამ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური არ ადასტურებს.
თავად დავით დარახველიძემ სახელმწიფო სამსახურში დაბრუნების შესახებ ინფორმაცია დღეს დაადასტურა, თუმცა კონკრეტულ უწყება არ დაუსახელებია.
დღეს ის საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძეს შეხვდა. დარახველიძემ პარლამენტი რამდენიმე საათის წინ დატოვა.
თუმცა, არ დაუკონკრეტებია, თუ რა საკითხზე ისაუბრა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერთან.
ჟურნალისტის კითხვაზე კი, მოსალოდნელია თუ არა სახელმწიფო სამსახურში დაბრუნება, დარახველიძემ აღნიშნა, რომ ერთ-ერთ სახელმწიფო უწყებაში მისი დანიშვნა მოსალოდნელია.
ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დავით დარახველიძე მინისტრის პოსტიდან, რომელიც მას 2012 წლიდან, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ეჭირა, 2014 წლის 21 ივლისს გაათავისუფლა.
დარახველიძესთან ერთად, თანამდებობა კიდევ 4-მა მინისტრმა დატოვა; სოზარ სუბარი და ელგუჯა ხოკრიშვილი სხვა სამინისტროებში დაინიშნენ.
"იმისათვის, რომ შევასრულოთ ყველა დანაპირები და დასახული ამოცანები, ამას სჭირდება გაორმაგებული ენერგია. ამიტომ მიმაჩნია, რომ სხვა რეჟიმში უნდა გადავიდეთ. აქედან გამომდინარე, მივიღე გადაწყვეტილება, რომ მთავრობის შემადგენლობაში შევიტანო ცვლილებები“, – აღნიშნა მინისტრების გათავისუფლების შემდეგ პრემიერიმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, თანამდებობიდან გათავისუფლებული მინისტრები მისი გუნდის წევრებად რჩებიან.