განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაქვემდებარებული "განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი", "ნაციონალური მოძრაობის" მიერ გავრცელებულ განცხადებას პასუხობს.
საქმე ისაა, რომ ირმა ნადირაშვილის ინფორმაციით, ალექსანდრე შელიამ, თვე-ნახევარში, ხელფასის სახით 143 ათასი ლარი მიიღო.
"ნაციონალური მოძრაობის" მიერ გაკეთებული განცხადების საპასუხოდ გვინდა განვმარტოთ, რომ სანდრო შელია გახლავთ "განათლების ხარისხის ელექტრონული მართვის პროექტის" საერთაშორისო კონსულტანტი და მისი შრომის ანაზღაურება არ ხდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, არამედ ფინანსდება გაეროს განვითარების პროგრამის მიზნობრივი გრანტიდან, რომელსაც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ახორციელებს.
"განათლების ხარისხის ელექტრონული მართვის პროექტი" განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის ავტომატიზაციას ემსახურება, რომელშიც სანდრო შელია, რომელიც ამერიკის მოქალაქეა, მუშაობს მოწვეული საერთაშორისო კონსულტანტის რანგში.
გაეროს განვითარების პროგრამასთან დადებული ხელშეკრულების ფარგლებში განსაზღვრულია ანგარიშვალდებულების წესები, რომლის დაცვაც ცენტრს ევალება. საერთაშორისო კონსულტანტის შრომის ანაზღაურება და მისი პირობებიც დეტალურადაა გაწერილი ხელშეკრულებაში. ამდენად, ცენტრმა მიზნობრივი გრანტის განხორცილების ფარგლებში წარმოქმნილი ვალდებულება შეასრულა", _ ნათქვამია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ "გურია ნიუსისთვის" მოწოდებულ განცხადებაში.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ირმა ნადირაშვილმა დღეს განმარტებები შელიას შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებით განათლებისა და მეცნიერების მინისტრს მოსთხოვა:
"რამდენად მიზანშეწონილი და მორალურია, რომ ქვეყანაში, სადაც ადამიანები არიან შიმშილის ზღვარზე, სადაც ბოლო ათი დღის განმავლობაში ჩვენმა მთავრობამ თითოეულ ჩვენგანს ჯიბიდან 100 დოლარზე 20 ლარი ამოგვაცალა, სადაც პროდუქტები გაძვირებულია, ადამიანი თვენახევარში 143 ათას ლარს იღებდეს. ალექსანდრე შელია დღეში იღებს იმაზე უფრო დიდ თანხას, ვიდრე ეს 20 პენსიონერის შემოსავალია", – ამბობდა ნადირაშვილი.