ცნობილ ამერიკელ მომღერალსა და მსახიობს ჯონ ტრავოლტას ერთი გატაცება გააჩნია, მას ძალიან უყვარს თვითმფრინავის მართვა.
თავის დროზე ტრავოლტამ მფრინავის სპეციალური კურსებიც გაიარა და 1981 წლიდან შესაბამისი დიპლომი ჯიბეში უდევს.
თავისი პირველი თვითმფრინავი ჯერ კიდევ 1974 წელს იყიდა. დღეისათვის მას ოთხი ამ სახის ტრანსპორტი აქვს. საკუთარი მამულის გვერდით პატარა აეროპორტიც მოაწყო.
ამერიკული მას-მედიის მტკიცებით, ცოტა ხნის წინ მომღერლის პირადი ბოინგი, ტექნიკური გაუმართაობის გამო კინაღამ ჩამოვარდა. ამ ექსკლუზიურ ოთხძრავიან თვითმფრინავს თავად ჯონ ტრავოლტა მართავდა.
აღსანიშნავია, რომ ეს მისთვის პირველი საჰაერო ინციდენტი არ არის. მსახიობი ანალოგიურ მდგომარეობაში 1999 წელსაც ჩავარდა, როდესაც მის თვითმფრინავს ძრავა გამოერთო. საბედნიეროდ ჯონ ტრავოლტა ბედნიერ ვარსკვლავზეა დაბადებული და ორივე შემთხვევაში ყველაფერი კარგად დასრულდა.