ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ სარბიელზე გამოჩენამ, საზოგადოებაში ახალი მოლოდინი გააჩინა, რომელსაც ადამიანების დიდი ნაწილი ჯერ ჩუმად გამოხატავს. ქუჩაში გამოკითხული რამდენიმე რესპონდენტიდან ივანიშვილისადმი უარყოფითად განწყობილი არავინ იყო. რესპონდენტთა დიდმა ნაწილმა კი თავი შეიკავა: არ მინდა ახლა ამაზე ლაპარაკი, ვნახოთ, რა იქნებაო, _ ამბობდნენ ისინი.
ამირანი: _ როგორც კი გაზეთებში ბიძინა ივანიშვილის განცხადებები და პროგრამა გამოჩნდა, მაშინვე დაუწყეს ლანძღვა-გინება ამ დიდებულ კაცს. რომ ეგონათ, ლანძღავდნენ, ფაქტობრივად, ადიდებდნენ მას. ან რუსეთში ნაშოვნი ფული თუ საქართველოში ჩამოიტანა და აქ ხარჯავს, რა დასაძრახი ეს არის? პირიქით, რამდენიმე ათას გაჭირვებულს სული ჩაუდგა და შიმშილისა და უწამლობისგან იხსნა, მათ შორის, “ჩარეცხილებიც”, რომლებიც სასოწარკვეთილებამდე იყვნენ მისული. ბევრს ძვირად ღირებული ქირურგიული ოპერაციები დაუფინანსა და აშკარა სიკვდილს გადაარჩინა. საჩხერის რაიონი და სოფელი ჭორვილა ხომ ედემად აქცია. და ბოლოს, საკუთარი სახსრებით დააპროექტა და ააშენა საოცრება _ სამების ეკლესია. ახლა რა ვქნათ?! დავიჭიროთ, ხელი მოვჭრათ, რატომ კარგი აგიგიაო?! რატომ არაფერი შეგშლიაო?
საქართველოში დაბადებულ და გაზრდილ კაცს, რომელსაც მეუღლეც ქართველი ჰყავს და ოთხი შესანიშნავი შვილის მამაა, რომელსაც ყველა ნათესავ-ახლობელი, ძირითადად, აქ ჰყავს და გარდაცვლილთა საფლავებიც აქვე აქვს, საქართველოს მოქალაქეობა უნდა ჩამორთმეოდა? სირცხვილი ჩვენი! მახსენდება სიტყვები: “უფალო, შეუნდე უგუნურთ, რამეთუ, არ იციან, რას იქმან”.
ნინო: _ ივანიშვილის განცხადების შემდეგ, მე, როგორც მოქალაქეს გამიჩნდა იმედი, რომ ჩვენი სახელმწიფოს ბედი ერთი კაცის ხელში არ იქნება. ხალხში ისეთი აზრი არსებობს, რომ ხელისუფლებაში ფულის გასაკეთებლად მოდიან. მე ნამდვილად ვიცი, რომ გაჭირვებული ქვეყნის ფული ივანიშვილს არაფერში სჭირდება. ის, როგორც მე ვიცი, ჩვენს ქვეყანას და მხოლოდ ხალხს ეხმარება. ამიტომ, იმედი გამიჩნდა და უამრავ პრობლემასაც გავუძლებ უკეთესი მომავლის მოლოდინში.
მანანა: _ 50 წლის ვარ და უკვე ათი წელია, თავს სანაგვეზე გადაგდებულად ვგრძნობ. ივანიშვილის განცხადების შემდეგ რომ ხელისუფლებამ ჩემნაირების დასაქმება გადაწყვიტა, მადლობელი ვარ ამ ადამიანის. რომ არა ივანიშვილის განცხადება, მე არასოდეს შემექმნებოდა ილუზია ჩემს დასაქმებაზე.
თამარი, პენსიონერი: _ მეშინია, არ მოკლან! მისი გამოჩენისთანავე ეგ გავიფიქრე. ძალიან მიყვარს. ბევრი მსმენია და ვიცი მისი ქველმოქმედების შესახებ. ჩემი ოცნება უფასო მკურნალობაა და მჯერა, ამას ეგ ადამიანი გააკეთებს. საჩხერეში ხომ გააკეთა? გურიაში და სხვა რეგიონში კი უსახსრობის გამო ვერ მიდიხარ ექიმთან. ავადმყოფი კვდება და წამალს ვერ ყიდულობს. ხომ ვერ ჩამოთვლი იმას ყველაფერს, რა არის საჭირო ავადმყოფის გასაკურნავად? გლეხს და პენსიონერს საამისო თანხა არ გააჩნია. ამ არჩევნებზე მე, პირადად, ძალიან დიდ იმედს ვამყარებ. რაც მთავარია, არჩევნები კანონიერად უნდა ჩატარდეს. ერთ რამეს მინდა ვეღირსო _ ჩვენი ასაკის ადამიანების შავი დღისთვის გადანახული დანაზოგი, რომელიც ანაბრის სახით გვქონდა და წაგვართვეს, ოდესმე დაგვიბრუნდეს.
ლელა: _ ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენამ დიდი იმედი მომცა. წარმოშობით საჩხერის რაიონიდან ვარ და კარგად ვიცი მისი უანგარო ქველმოქმედების შესახებ. ყოველთვის ვნატრობდი, ასეთი ადამიანი საქართველოს სათავეში მოსულიყო. მე მჯერა, რომ ის თუ მოვიდა, საქართველო გაერთიანდება. არც ერთი მთავრობის ხელში არ ღირსებია დაბალ და დაუცველ ფენას “ამოსუნთქვა”, იქნებ ახლა ეღირსოს?! ერთადერთი, რისიც მეშინია, ის არის, რომ მან პატარკაციშვილის ბედი არ გაიზიაროს. ივანიშვილი არ მოიხიბლება არავის ფულით, როგორც ნებისმიერი ოპოზიცია იყიდებოდა და იყიდება. მე მათი არასდროს მჯეროდა და ხელიც ჩაქნეული მქონდა, მაგრამ წამოვიდა ახალი ტალღა, რომელსაც სხვა არაფერი ამოძრავებს, თუ არა ქართველი ხალხის კეთილდღეობა.
შალვა: _ ჩემს ცხოვრებაში გაჩნდა უკეთესი მომავლის იმედი. მაგრამ ამასთან ერთად გავიფიქრე, რომ ივანიშვილს არ შეექმნას საფრთხე. ძალიან დიდი ხანია მესმის მისი გულისხმიერებისა და ქველმოქმედების შესახებ. ადამიანი, რომელიც მუშაობს მის დაქვემდებარებაში, დიდი ხელფასი და საუკეთესო შრომის პირობები აქვს, რაც რეალურ ცხოვრებაში მოსანატრია. დიდი იმედი მაქვს არჩევნების. მჯერა, საზოგადოება გაერთიანდება და სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს. იქნებ, ერთხელ და სამუდამოდ, ამოვისუნთქოთ. ალბათ, ქართველ ხალხს ძლიერი იმუნიტეტი აქვს, თორემ რომელ ნორმალურ ქვეყანაში გაუძლებდნენ ასეთ ცხოვრებას?!