საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ბაკურიანშია, სადაც დღეს სასწავლო-საწვრთნელი შეკრება დაიწყო.
გუნდს კვლავაც ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი, რევაზ მინდორაშვილი ავარჯიშებს, ვისაც კვლავ ევროპის ორგზის ჩემპოიონი, მსოფლიოს პრიზიორი დავით პოღოსიანი ეხმარება.
ესაა პირველი შეკრება, რომელიც ახალი პრეზიდენტის, ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიურ ჩემპიონ მანუჩარ კვირკველიას არჩევის შემდეგ იმართება. შეიძლება ითქვას, არნახული არეულობის შემდეგ, ქართულ საჭიდაო ოჯახში სიმშვიდემ დაისადგურა.
შეკრებაზე გუნდის ყველა ლიდერი იმყოფება, 40-მდე სპორტსმენი, რომლებიც ბაკურიანში 12 დღე ივარჯიშებენ. ნაკრები ევროპის თამაშებისთვის ემზადება, რასაც ივნისში ბაქო უმასპინძლებს, თუმცა იქამდე რამდენიმე შეჯიბრებაშიც გამოვა. სავარაუდოდ, პირველი ტურნირი "ტახტის თასი" იქნება, რომელიც 12-13 თებერვალს ირანში, ქალაქ კერმანში გაიმართება. აპრილის ბოლოს საქართველოს ჩემპიონატი გაიმართება.
ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები შეკრებაზე 27 იანვარს გაემგზავრება, ოღონდ არა ბაკურიანში, არამედ – ბორჯომში. ამ ნაკრებსაც ისევ ბეგი დარჩია უხელმძღვანელებს.
შეკრებაზე მის განკარგულებაშიც 40 ათლეტი იქნება და ისინიც 12 დღე ივარჯიშებენ, მერე კი თბილისში გააგრძელებენ მზადებას საქართველოს ჩემპიონატისთვის, რომელიც თებერვალ-მარტის მიჯნაზე ჩატარდება. მათ ჯერ არ გადაუწყვეტიათ, სეზონის პირველ ტუყრნირში სად იჭიდაონ, ალტერნატივა კი ორია – ირანი ან ბულგარეთი.