სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის უცხოელებზე გასხვისება არ შეიზღუდება. თუმცა, მას საქართველოს კანონმდებლობა დაარეგულირებს და უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ქვეყანაში მიწის ფართობის შესყიდვა, გარკვეული პირობებით მოუწევთ.
აღნიშნულს "სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ" კანონი დაარეგულირებს, რომელიც იუსტიციისა და ეკონომიკის სამინისტროების ავტორობით პარლამენტში უკვე შევიდა.
პროექტით საქართველოში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების უფლება აქვს სახელმწიფოს, ადგილობრივ თვითმმართველობას, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, საქართველოს მოქალაქეს, კომლს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს, საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებს.
რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომ იგივე უფლებით ისარგებლოს?
კანონპროექტის თანახმად, უცხოელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების უფლებას მოიპოვებს თუ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა მემკვიდრეობის გზით აქვს მიღებული.
ის უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ კანონით გათვალისწინებული ბინადრობის ნებართვა გააჩნია.
ასევე, როცა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა არის მისი საქართველოს მოქალაქესთან ქორწინების, ან საქართველოს მოქალაქის ან მოქალაქეების მონაწილეობით არსებული კომლის წევრობის შედეგად მოპოვებული თანასაკუთრების ობიექტი. განქორწინების ან კომლიდან გასვლის შემთხვევაში, უცხოელი თანასაკუთრებაში არსებულ ქონებაზე წილს ინარჩუნებს თუ ის უცხოელის მიმართ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრებისთვის კანონით განსაზღვრულ პირობებს აკმაყოფილებს.
თუ, უცხო ქვეყნის მოქალაქე ზემოთ განსაზღვრული პირობებით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების უფლებას მოიპოვებს, თუმცა შემდგომ ამ პირობებს ვერ დააკმაყოფილებს ვალდებულია, 6 თვის ვადაში გაასხვისოს.
ასეთ შემთხვევაში მნიშვნელოვანია კიდევ ერთი ფაქტორი, განქორწინებული ან კომლიდან გასული უცხოელის მიერ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისებისას, ყოფილი მეუღლე თუ კომლის წევრები, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები არიან, 12 თვის ვადით უპირატესი შესყიდვის უფლებით სარგებლობენ, რომელიც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მოსალოდნელი გასხვისების შესახებ შეტყობინების მომენტიდან აითვლება.
იმ შემთხვევაში თუ კანონით განსაზღვრულ ვადაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისების ვალდებულება არ შესრულდება და ამ გარემოების შესახებ შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოსთვის ცნობილი გახდება, იგი მიმართავს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რომელიც თავის მხრივ, სასამართლოს გადაწყვეტილების და ეკონომიკის მინისტრის ბრძანების საფუძველზე, წინასწარი, სრული და სამართლიანი კომპენსაციის გაცემის სანაცვლოდ, შესაბამისი პირისთვის მის საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამორთმევას უზრუნველყოფს.
ასევე, მნიშვნელოვანია ისიც, რომ კონკრეტული რიცხვითაა განსაზღვრული უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულის მიწის ფართობის გასხვისება – ის 5 ჰექტარზე ნაკლები და 20 ჰექტარზე მეტი არ უნდა იყოს.
უცხოელის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის შემთხვევაში კი, მიწის ნაკვეთის ფართობი არ უნდა იყოს 20 ჰექტარზე ნაკლები და 200 ჰექტარზე მეტი.
აღსანიშნავია, რომ ეს შეზღუდვა საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებზე, კომერციულ ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე არ გავრცელდება.
კანონპროექტი ადგენს იმასაც, რომ უცხოელებზე მიწის ნაკვეთის გასხვისება ხუთკილომეტრიან სასაზღვრო ზონაში არ უნდა მოხდეს.
შეგახსენებთ, რომ 2 წლის წინ, მთავრობის გადაწყვეტილებით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შეძენასთან დაკავშირებით უცხოელებსა და საზღვარგარეთ რეგისტრირებულ იურიდიულ პირებზე მორატორიუმი გამოცხადდა.
ამავე თემაზე: მიწების გასხვისებაზე მორატორიუმის მოხსნით, "ხელისუფლება ისევ ტყლაპოში ჩაჯდა"
ამავე თემაზე: მიწის უცხოელებისთვის მიყიდვაზე დაწესებული მორატორიუმი, შესაძლოა, მოიხსნას