"გურია ნიუსის" წყაროს ინფორმაციით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში, პოლიციის თანამშრომლები ოჯახებში გაფორმებული იარაღებისა და ავტომანქანების აღწერას აწარმოებენ.
ამასთან დაკავშირებით "გურია ნიუსი" დაუკავშირდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლებს სოფლებში, რომელთა უმეტესობამ აღნიშნული ინფორმაცია ჩვენთან საუბრისას უარყო, ხოლო ჭანიეთის რწმუნებულმა, მერაბ ბერაძემ დაგვიდასტურა აღნიშნული ფაქტი.
მისი თქმით, სოფელი ჭანიეთი გამონაკლისი ამ მხრივ ნამდვილად არ იქნებოდა და ეს აღრიცხვა ყველა სოფელში უნდა მომხდარიყო.
"პოლიცია დადიოდა ნამდვილად ჩვენთან სოფელში, მე პირადად ვახლდი, ჩამოიარა ოჯახები, აღწერეს მანქანები და თოფები, იარაღები. უბრალოდ ბაზაში გვინდა რომ გვქონდესო, არაფერი უკანონო არ აღმოუჩენიათ, შეამოწმეს საბუთები, ვის სახელზე არის გაფორმებული თოფები და მანქანები, ყველაფერმა ძალიან ლამაზად ჩაიარა, მე როგორც მაქვს ინფორმაცია, სხვა სოფლებშიც იქნება მსგავსი, მაგალითად ლიხაურში გავიგე, რომ იყვნენ, ჭანიეთი რატომ უნდა იყოს გამონაკლისი?" -გვითხრა ბერაძემ.
შსს-ს პრესსამსახური "გურია ნიუსთან" ადასტურებს ინფორმაციას და აღნიშნავს, რომ ეს არის კანონით გათვალისწინებული ღონისძიება, რომელიც ხდება პერიოდულად და რასაც არეგულირებს პოლიციის შესახებ კანონიც.