რამდენიმე დღეა რაც გურიის გუბერნიამ ახალი ავტომანქანები მიიღო. "გურია ნიუსი" დაინტერესდა რა დანიშნულებისთვის და ვისგან გადაეცა გუბრნიას ავტომანქანები.
"გურია ნიუსისთვის" მოწოდებული ოფიციალური დოკუმენტების საფუძველზე ირკვევა, რომ გუბერნიას ძვირადღირებული ავტომანქანები შსს – დან უსასყიდლოდ გადაეცა.
ოფიციალური დოკუმენტების საფუძველზე სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის 2015 წლის 26 იანვრის #80 ბრძანების საფუძველზე, გადმოეცა სამი ერთეული "SKODA OCTAVIA"-ს მარკის ავტომანქანა ადმინისტრაციის კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილებების ჯეროვნად განხორციელების მიზნით.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის სახელზე 2014 წლის 30 დეკემბერს გურიის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი ქეთი მოიწრაფიშვილი წერს:
"ბატონო ალექსანდრე
მოგახსენებთ, რომ სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციას ლანჩხუთის, ოზურგეთსა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში, კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილებების ჯეროვნად განხორციელების მიზნებიდან გამომდინარე, ესაჭირეობა დამატებითი ავტოსანტრანსპორტო საშუალებები. აღნიშნულიდან გამომდინარე მოგმართავთ თხოვნით, გუბერნატორის ადმინისტრაციას უსასყიდლოდ, ბალანსიდან ბალანსზე გადმოსცეთ 3 (სამი) ერთეული მსუბუქი გამავლობის ავტოსანტრანსპორტო საშუალება"
2015 წლის 26 იანვარს # 80 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბრძანების საფუძველზე სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციას 25 ათას 840, 80 ლარის ღირებულების სამი ავტომანქანა "SKODA OCTAVIA" გადაეცა.
აღნიშნულ ბრძანებას ხელს შსს ყოფილი მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის მოადგილე დავით ხუციშვილი აწერს.
შსს -დან გუბერნიისთვის უსასყიდლოდ გადაცემული ავტომანქანების მიღება -ჩაბარების აქტზე რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის მთავარმა სპეციალისტმა ვახტანგ გველებიანმა მოაწერა ხელი.