იმ პროდუქტთა ნაწილს, რომელიც ბოლო პერიოდში, სავარაუდოდ, ლარის კურსის დაცემის გამო გაძვირდა, მალე ალკოჰოლური სასმელიც დაემატება. ერთ თვეში ლუდზე აქციზის გადასახადი 50%-თ იზრდება. რაც იმას ნიშნავს, რომ მასზე ფასი მოიმატებს.
მართალია მთავრობა ცვლილებებს ევროსტანდარტების რეგულაციებს უკავშირებს, თუმცა ლუდის მწარმოებლებს პრეტენზიები ფინანსთა სამინისტროსთან აქვთ.
ბიზნესმენები პროდუქციაზე ფასის მატებასთან ერთად წარმოებისა და სამუშაო ადგილების შემცირებას ვარაუდობენ.
მათი ვარაუდით, ქართულ ბაზარზე აქციზის გადასახადის გაძვირების შემდეგ პროდუქტის გაყიდვები, მინიმუმ, 20%-ით შემცირდება.
ცნობისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით აქციზის ფასი 50%-ით 1 მარტიდან მოიმატებს. ამ რეგულაციის ამოქმედების შემდეგ, პროექტის ავტორები ფიქრობენ, რომ ბიუჯეტს 20 მილიონი ლარით მეტი შემოსავალი გაუჩნდება. სავარაუდოდ, ამდენივე ზარალი ექნება ლუდის მწარმოებელ ქართულ კომპანიებს.