არასამთავრობო ორგანიზაცია "მედიატორის" დამფუძნებელს ლევან ხაბეიშვილს, თბილისის მერი, დავით ნარმანია სამსახურში აყვანაზე უარს ეუბნება. ხაბეიშვილს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება აქვს, რომ მისი გათავისუფლება თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსობიდან უკანონოდ მოხდა:
"27 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით უკანონოდ იქნა ცნობილი 22 აგვისტოს დავით ნარმანიას ბრძანება , რომელიც გულისხმობდა თანამდებობიდან ჩემს გათავისუფლებას. გადაწყვეტილებაში მითითებული იყო დაუყოვნებლივ აღდგენა.
რაც გულისხმობ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებისთანავე ვითვლები საჯარო მოხელედ. მიუხედავად ამისა, დედაქალაქის მერი ბ.ნ. დავითი არ ასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებას. ღიად და დაუფარავად ამბობს, რომ მიუხედავად გამამართლებელი განაჩენისა, ის არ აპირებს ჩემს თანამდებობაზე აღდგენას. გარდა საჯარო განცხადებებისა, გუშინ მომივიდა წერილი ბატონი ნარმანიასგან, სადაც ამბობს, აღარ არსებობს სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახური და ამის მაგივრად შეიქმნა 3 ახალი საქალაქო სამსახური. ერთ-ერთი არის სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა საქალაქო სამსახური.
სწორედ ახალგაზრდული მიმართულებით ვიყავი ბატონი მამუკა ქაცარავას მოადგილე და არათუ გაუქმდა ეს თანამდებობა, არამედ ცალკე სამსახურად ჩამოყალიბდა. გარდა ამისა, სასამართლომაც განიხილა ზემოთხსენებული საკითხი , რადგან მერიის წარმომადგენელმა დააყენა იგივე შუამდგომლობა , რომ ეს თანამდებობა არ არსებობდა. მიუხედავად ამისა, მოსამართლემ მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო. შესაბამისად, ჩემი აღდგენა უნდა მოხდეს სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა საქალაქო სამსახურში", _ ამბობს ხაბეიშვილი.
"მედიატორის" დამფუძნებელი აპირებს, კვლავ მიმართოს სასამართლოს შუამდგომლობით, რომ დედაქალაქის მუნიციპალიტეტს ზუსტად განემარტოს ის თანამდებობა, სადაც უნდა მოხდეს მისი აღდგენა. ხაბეიშვილი ასევე გეგმავს, სარჩელი შეიტანოს საქართველოს პროკურატურაში, რათა დაიწყოს გამოძიება სასამართლოს გადაწყვეტილების აღუსრულებლობისთვის.
ამავე თემაზე: ლევან ხაბეიშვილი სასამართლომ სამსახურში აღადგინა