ლანჩხუთელი კარატისტები ევროპის ჩემპიონები გახდნენ! გასულ კვირას, თურქეთის ქალაქ სტამბულში, გაიმართა ევროპის ჩემპიონატი კარატე-დოში. მასში მონაწილეობას მსოფლიოს 17 ქვეყნის წარმომადგენლები იღებდნენ. საქართველოს 60 სპორტსმენიდან 6 ლანჩხუთელი გახლდათ: 9 წლის გიორგი ჩხაიძე, 10 წლის გუგა ივანაშვილი, 11 წლის საბა გოგოძე, 12 წლის გიორგი კეჭეხმაძე, 13 წლის დათო წილოსანი და თორნიკე ცინცაძე. სულ ჩემპიონატში ათასამდე კარატისტი მონაწილეობდა.
პირველ დღეს 13-წლამდელთა ასპარეზობა გაიმართა. სწორედ ამ დღეს მიაღწიეს დიდ წარმატებას ჩვენებურებმა _ საერთო ჯამში, ლანჩხუთელებმა 8 ოქროსა და 2 ვერცხლის მედალი მოიპოვეს! შეჯიბრი ჩატარდა სამ დისციპლინაში _ კონტაქტურ და სპორტულ კარატეში, ასევე გუნდური პირველობაც გათამაშდა.
გიორგი ჩხაიძემ კონტაქტურ კარატეში ევროპის ჩემპიონობა მოიპოვა, ხოლო სპორტულში _ მხოლოდ ფინალი წააგო.
გუგა ივანაშვილმა 3 პირველი ადგილი აიღო _ იგი ევროპის ჩემპიონი გახდა როგორც კონტაქტურ, ასევე სპორტულ კარატეში. მანვე, გუნდურ შეჯიბრში, როგორც ლანჩხუთელთაგან გამორჩეულმა, საქართველოს ნაკრების ღირსება დაიცვა და გადამწყვეტი გამარჯვებაც სწორედ მის ანგარიშზეა _ გუგამ ამ მოგებით მესამე ოქროს მედალი დაისაკუთრა.
საბა გოგოძე ევროპის ჩემპიონი გახდა კონტაქტურ ბრძოლაში.
გიორგი კეჭეხმაძე ჩვენებურთაგან ერთ-ერთი გამორჩეული გახლდათ _ კონტაქტურში ის ვერცხლის მედალს დასჯერდა, ხოლო სპორტულ კარატეში ევროპის ჩემპიონი გახდა.
დათო წილოსანი და თორნიკე ცინცაძე ასევე ევროპის ჩემპიონები გახდნენ _ ორივე კონტაქტურ კარატეში გამოირჩა.
დათომ, თორნიკემ და გიორგი კეჭეხმაძემ 13-წლამდელთა ნაკრების სახელითაც იასპარეზეს და არაობიექტური მსაჯობის წყალობით გამოთიშეს ასპარეზობას. არადა, ჩვენებურებმა მსოფლიო ჩემპიონ თურქებზე უკეთესი შთაბეჭდილება დატოვეს _ თორნიკე მსაჯმა დაჩაგრა, რაც გუნდს წაგებად დაუჯდა.
მოკლედ, ევროპის პირველობაზე მოასპარეზე 6 ლანჩხუთელიდან ყველა გახდა ჩემპიონი! სასიხარულოა ის ფაქტიც, რომ მათმა მწვრთნელმა, მერაბ თურქიამ ევროპის ჩემპიონატზე რამდენიმე უპრინციპულეს, მათ შორის, ფინალური მატჩებშიც იმსაჯა.
ზემოთ ნახსენები შედეგებიდან გამომდინარე, არცაა გასაკვირი, რომ გურულმა სპორტსმენებმა სპეციალისტების დიდი მოწონება დაიმსახურეს. ისინი ახლა მსოფლიო თასისთვის ემზადებიან, რომელიც მოსკოვში 23-25 ნოემბერს გაიმართება.