ეს ფოტო მეტად მძიმე სანახავია_ ამ ფოტოზე აღბეჭდილია საწოლი, სადაც წევს მოხუცი ქალბატონი ნინა სტაროსტინა, რომელიც უპატრონოდ, უსახლკაროდ დღითიდღე კარგავს სიცოცხლისუნარიანობას.
ეს ფოტო " გურია ნიუსმა" ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიაში ე. წ. ყოფილი სამხედრო "გარადოკში" გადაიღო.
ნინა სტაროსტინას ყოველდღიურობა უმძიმესია, მეზობლების ნაამბობი კი მტკივნეული და შემაშფოთებელი.
წარმოუდგენელია, იმის აღწერა, თუ რა სიტუაციაა იმ ერთ ოთახში. ანტისანიტარიულ პირობებში, სადაც ერთი წამით გაჩერებაც კი შეუძლებელია.
როგორც "გარადოკის" მცხოვრებლები ამბობენ, ქალბატონ ნინას საჭმელს მეზობლები მორიგეობით აწვდიან, თუმცა, ამის საშუალება მუდმივად არც მათ აქვთ.
"გურია ნიუსი" დაუკავშირდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელს სოფელ მერიაში გრიგოლ კოსტავას, რომელმაც აღნიშნა, რომ ამ ქალბატონს მიჩენილი ჰყავს მომვლელი:
"უპატრონოდ ნამდვილად არ კვდება _ ვენერა ჰქვია იმ ქალბატონს, ვინც მაგას უვლის. ვიცი, რომ ცუდ მდგომარეობაშია, თუმცა, ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ. გასაგებია, რომ კვდება, მაგრამ ჩვენ მაგის სიკვდილს ხელს ვერ შევუშლით _ რაც შეიძლება, ჩვენ ვეხმარებით"_ გვითხრა კოსტავამ.