გაზეთი “გურია ნიუსი” სრულ მხარდაჭერას უცხადებს ტელეკომპანია “მაესტროს” ჟურნალისტებს, რომლებსაც არ ეძლევათ პროფესიული საქმიანობის შესაძლებლობა.
ნებისმიერი მიზეზი და საბაბი, რომელიც დასახელდა ან შესაძლოა დასახელდეს, უსაფუძვლო და მიუღებელია ტელემაუწყებლობის და ჟურნალისტების საქმიანობის შესაფერხებლად.
საზოგადოება ჩვენგან, ჟურნალისტებისგან მიუკერძოებელ და ოპერატიულ ინფორმაციას მოითხოვს, ჩვენი მოვალეობა საზოგადოების ინფორმირებაა – ყველა, ვინც ჟურნალისტების ნორმალურ მუშაობას ნებსით თუ უნებლიეთ აფერხებს, ხდება იმ პროცესის ხელშემწყობი და თანამონაწილე, რომლის მიზანი საქართველოში თავისუფალი სიტყვის შეზღუდვა და თავისუფალი საინფორმაციო სივრცის დახშობაა.
საგულისხმოა, რომ სახელისუფლებო გუნდის ლიდერები, რომლებიც პრესის გავრცელების შეზღუდვასთან დაკავშირებით პირში წყალს იგუბებდნენ და არსად გამოჩენილან, დღეს განვითარებულ მოვლენებს ზედიზედ ეხმაურებიან და “ძიძგილაობად”, “ფულის გაყოფისთვის ატეხილ ბრძოლად” აცხადებენ.
მოვუწოდებთ ყველა მხარეს, კარგად გააცნობიერონ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მედიისთვის, საზოგადოებისთვის თითოეული დღე, თითოეული ჟურნალისტური მოკვლევა, საზოგადოებისთვის ხელმიუწვდომელი თითოეული ახალი ამბის, ფაქტის მაღალპროფესიონალური გაშუქება. ამიტომ, ჩვენ ვუერთდებით მოწოდებას _ დაგვიბრუნეთ “მაესტრო”! მიეცით შესაძლებლობა ჟურნალისტებს განაგრძონ საქმიანობა, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის!