მეხუთე დღე ოსაკაში ორივე ჩვენებურისთვის კვლავ წარმატებული გამოდგა. მე-3 გამარჯვება მიითვალა ტურნირზე გაგამარუმ, ხოლო მე-4 მოგება გაიფორმა ტოჩინოშინმა.
მათი ბრძოლების კონკრეტული განხილვით თავს აღარ შეგაწყენთ. ორთაბრძოლების ნახვა ვიდეოში შეგიძლიათ.
შავი დღე იყო დღეს სამივე იაპონელი ოძეკისათვის, ოღონდ თუკი გოეიდომ და კოტოშოგიკუმ პირველი წაგებები იწვნიეს ბაშოზე, კისენოსატოს უკვე მესამედ დაუცდა ფეხი. ამჯერად იგი მონღოლმა გიგანტმა, იჩინოჯომ (დ-მ1) გააძევა დოჰიოდან.
კოტოშოგიკუს მძლეველი ლევანის თანაგუნდელი, იაპონელი ტოჩიოძანი აღმოჩნდა (ა-მ1). გოეიდო კი მონღოლ კომუსუბი ტამავაშისთან დამარცხდა.
5 ტურის თავზე ჰარუ ბაშოს 4 დაუმარცხებელი სუმოისტი შემორჩა. ესენი არიან: სანიაკუდან მონღოლთა დუეტი – იოკოძუნა ჰაკუჰო, სეკივაკე ტერუნოფუჯი. ჰირამაკუდან კი იაპონური დუეტი – ამინიშიკი (ა-მ6), ჩიოოტორი (ა-მ12).