დღეს, 26 მაისს, საქართველო სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. 1918 წლის 26 მაისს, თბილისში, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ მიიღო „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი“, რომლითაც ქვეყანა დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადდა.
პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარედ ნოე ჟორდანია აირჩიეს.
ახლადშექმნილმა საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა მოკლე დროში ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა აღიარეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე შეწყვიტა — 1921 წლის თებერვალში ქვეყნის ოკუპაცია საბჭოთა რუსეთის წითელმა არმიამ განახორციელა.
საქართველომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა 70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე შეძლო, რასაც წინ უძღოდა 31 მარტის საყოველთაო-ეროვნული რეფერენდუმი.
ქვეყნის უახლეს ისტორიაში, 1991 წლიდან მოყოლებული, 26 მაისი საქართველოს უმთავრეს სახელმწიფოებრივ დღესასწაულად და თავისუფლების სიმბოლოდ აღინიშნება.


































































