ქალაქ ოზურგეთში, ცენტრალური ქუჩები ისეთ მდგომარეობაშია, რომ არათუ ავტომობილებს, არამედ ქვეითად მოსიარულეებსაც უჭირთ გავლა.
მოუწესრიგებელი ქუჩები, ამოთხრილი ორმოები, დაზიანებული და აყრილი ასფალტის საფარი – ქალაქ ოზურგეთის რეალობაა.
ფოტოები, რომელიც ტექსტს ახლავს, ქალაქ ოზურგეთში, რამდენიმე ცენტრალურ ქუჩაზეა გადაღებული, მაგრამ ყველაზე კატასტროფულ მდგომარეობაში ბათუმის ქუჩაა.
აქვე მდებარეობს # 3 საშუალო სკოლა. ბათუმის ქუჩაზე მცხოვრებლები რამდენიმე წელია გზის შეკეთებას ითხოვენ. ადგილობრივების თქმით, უკვე რამდენიმე წელია გზა ასეთ მდგომარეობაშია. მათივე თქმით სკოლაში ბავშვები მშობლებს ხელში აყვანილი დაჰყავთ., წვიმიან ამინდში კი ბავშვების სკოლაში გაშვება წარმოუდგენელია.
ბათუმის ქუჩაზე მცხოვრები არლი გოგელიას თქმით, მოსახლეობამ ქალაქ ოზურგეთის მერიას განცხადებით უკვე მიმართა.
"რამდენი წელია ასეთ მდგომარეობაშია ეს გზა, ვითხოვთ გაკეთებას, მაგრამ ჯერ არაფერი არ ჩანს", _ აღნიშნავს გოგელია.
ქალაქ ოზურგეთის მერიაში აღნიშნავენ, რომ ბათუმის ქუჩაზე გზის საფარი ნამდვილად მოსაწესრიგებელია და რეაბილიტაციას საჭიროებს. პრესსამსახურის განმარტებით, 2015-2017 წლის გეგმაში ქალაქის სხვა ქუჩებთან ერთად ჩასმულია ბათუმის ქუჩაზე ასფალტო-ბეტონის საფარის დაგება და ეს სამუშაოები გეგმის მიხედვით აუცილებლად განხორციელდება.