სააღდგომო კვერცხის შესაღებად უამრავი სახის ფხვნილი არსებობს და შეღებვის წესიც ყველამ იცის. თუმცა, ყველაზე კარგ, გამართლებულ საშუალებად მაინც ენდრო და ხახვის ფურცელი ითვლება, მით უფრო, როცა დღეს ასე აქტიურად საუბრობენ ბიოპროდუქციაზე. ფხვნილით შეღებილი კვერცხი ლამაზია, თუმცა ენდროთ შეღებილი კვერცხის გემოს ყოველთვის გამოარჩევენ თავისებური არომატით.
როგორ მოვამზადოთ ენდროს საღებავი?
ენდროს ფესვების რაოდენობა, შეგიძლიათ, განსაზღვროთ იმის მიხედვით, რამდენ კვერცხს ღებავთ, ამასთანავე ღია ფერს ანიჭებთ უპირატესობას თუ პირიქით _ მუქს.
კარგად გარეცხილი და დაქუცმაცებული ენდროს ძირები 24 საათით ადრე დავალბოთ ცივ წყალში. შემდეგ მოვხარშოთ წინასწარ მოგროვებულ ხახვის ფურცლებთან ერთად. 15-20 წუთის დუღილის შემდეგ გადმოვდგათ. როცა გაგრილდება, გავწუროთ, ნარჩენები არ გადავყაროთ, გამოვკრათ მარლაში. შემდეგ ქვაბში ჩავაწყოთ შესაღებად მომზადებული კვერცხები, გაწურულ, მომზადებულ ფერს ვუყოთ ცოტა მარილი, ძმარი, მოვურიოთ და დავასხათ კვერცხს. თუ არ ფარავს, დავამატოთ წყალი ისე, რომ კვერცხი კარგად დაიფაროს. ქვაბის სახელურის კუთხეში კი დავამაგროთ მარლაში შეკრული ენდროს ნარჩენი, ჩავკიდოთ ქვაბში, დავახუროთ ნახევრად და ვადუღოთ საშუალოზე ოდნავ დაბალ ცეცხლზე, რომ კვერცხი არ გაიბზაროს.
ვხარშოთ ადუღებიდან ერთ საათზე ცოტა მეტი. მოხარშვის დასრულებისას სათითაოდ დავალაგოთ საცერზე ან ცხრილზე. გაგრილების შემდეგ კი ზეითუნის ან მზესუმზირის ზეთიანი მარლის ნაჭრით გავაპრიალოთ, რომ სააღდგომო ბზინვარება ჰქონდეს.



































































