"გურია ნიუსის" კითხვაზე, თუ როგორ უნდა უპასუხონ ისლამურმა სახელმწიფოებმა ISIS-ის სახით არსებულ გამოწვევას, აიათოლა სეიედ აბოლ ჰასან ნავობი ამბობს, რომ "როცა მოლაპარაკების გზა არ მუშაობს, ერთადერთი გამოსავალი ომია".
ირანის ერთ-ერთი რელიგიურ-პოლიტიკური ლიდერის განცხადებით, საჭიროა, მსოფლიომ გაიგოს, რომ "ის, რასაც ISIS-ი სჩადის, ისლამი არ არის".
"ISIS-ის, ალქაიდას დაჯგუფების მსგავსად, მუსლიმებს შორის განხეთქილების ჩამოგდება სურს. ჩვენ მათ ექსტრემისტებად და ტერორისტებად აღვიქვამთ, რომელთაც ისლამის განადგურება სურთ," _ ამბობს აიათოლა სეიედ აბოლ ჰასან ნავობი "გურია ნიუსთან" და დასძენს, რომ ISIS-ის გამო მსოფლიოში ისლამის შესახებ არასწორი წარმოდგენა იქმნება.
"ჩვენ მსოფლიოს ისლამის რეალური სახე უნდა ვუჩვენოთ, გავაცნოთ, რომ ის, რასაც ISIS-ი აკეთებს, სრულიად განსხვავდება ისლამის სწავლებისაგან. ის არ არის ისლამი.
ამიტომ, გთხოვთ, ISIS-იზე საუბრისას, ნუ იგულისხმებთ, რომ ისინი მუსლიმები არიან. ისინი ექსტრემისტები არიან," _ ამბობს აიათოლა.
ირანი ისლამურ სახელმწიფოებს შორის და ზოგადად, მსოფლიოში, ISIS-ის წინააღმდეგ მოქმედების კუთხით, ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ქვეყანაა. მისი ძალისხმევა ძირითადად, ერაყში არსებულ ექსტრემისტთა ჯგუფების წინააღმდეგ არის მიმართული. ერაყში ირანის მთავარ დასაყრდენს ძირითადად, შიიტი მუსლიმებით დაკომპლექტებული პოლიცია წარმოადგენს, რომელსაც ის იარაღით ამარაგებს.
ირანისთვის მეზობელ ერაყში მშვიდობა განსაკუთრებით მნიშნველოვანია, რამდენადაც სუნიტი მილიტანტები შიიტი მოსახლეობისთვის საფრთხეს წარმოადგენენ. შეგახსენებთ, რომ გასული წლის ზაფხულში ISIS-იმ ერაყში 1700 შიიტი პოლიციელი დემონსტრაციულად დახვრიტა. ამასთან, ერაყის სამხრეთ ნაწილში, სადაც ძირითადად, შიიტი მუსლიმები ცხოვრობენ, რამდენიმე შიიტური წმინდა ტაძარი მდებარეობს. ერაყში არსებული წმინდა სალოცავების ნაწილი, რომელიც ასევე ისტორიულ ძეგლსაც წარმოადგენდა, ISIS-ის შენაერთებმა გაანადგურეს.