3 აპრილს, შებინდებისას, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლესაში ქვეითად მოსიარულე ზვიად ფუტკარაძეს "ჰონდას" მარკის ავტომობილი დაეჯახა, რომელსაც, როგორც თვითმხილველებმა გვითხრეს პარლამენტის დეპუტატი, უმრავლესობის წევრი და ლანჩხუთის მაჟორიტარი, თემურ ჩხაიძე მართავდა.
მათივე თქმით, დეპუტატი სავარაუდოდ ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ითქვა ისიც, რომ დეპუტატმა დაზარალებული მიატოვა და მისი ამბავი მხოლოდ მას შემდეგ მოიკითხა, როცა ფუტკარაძის ახლობლებმა მიაკითხეს.
ზვიად ფუტკარაძემ მომხდარის მეორე დღეს ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ მას ავტომანქანის მძღოლი არ დაუნახავს:
_ მე არაფერი დამინახავს. არც კი ვიცი ვინ მართავდა ავტომანქანას. არც არავინ დამკავშირებია, _ დაგვიკონკრეტა ფუტკარაძემ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის თქმით ავტოსაგზაო შემთხვევაზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, 276-ე მუხლით ( ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა). სამინისტროში არ აკონკრეტებენ ჩაუტარდა თუ არა დეპუტატს ალკოტესტი. მხოლოდ ის გვითხრეს, რომ ჩხაიძე პოლიციაში თავად გამოცხადდა და გამოძიებასთან თანამშრომლობს.
თემურ ჩაიძეს მომხდართან დაკავშირებით კომენტარი არცერთი მედიასაშუალებისთვის არ მიუცია. "გურია ნიუსისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, რომ ნასვამი არ ყოფილა:
_ არავითარი პრობლემა არ არის. ყველაფერი ნორმალურადაა.
_ ნასვამი არ მართავდით ავტომობილს?
_ ვნების კვირაა, მარხვაზე ვარ და რას მეკითხებით ამ ვნების კვირაში? ბზობაა, ხარებაა… ამას როგორ მეკითხებით?!
_ ბატონო თემურ, ეს კითხვები ავარიის შემდეგ უპასუხოდაა. რა შუაშია მარხვა და ვნების კვირა. მით უმეტეს ისიც ითქვა, რომ დაზარალებული მიატოვეთ…
_ რას ამბობთ, არა დედას გეფიცებით! მე თვითონ ვეპატრონე. მეორე დღეს ქუთაისში წავიყვანე. მიმიტოვებია? _ ის ხომ არა ვარ, _ გვითხრა ჩხაიძემ.