ორწლიანი პაუზის შემდეგ გურიის დედაქალაქში მიხეილ სააკაშვილს დღეს ელოდებიან. რა ხდება პრეზიდენტის ჩამოსვლამდე _ დაჩქარებულად მიმდინარეობს იუსტიციის სახლის მშენებლობა, ქალაქის ცენტრში სხვადასხვა სახის სამუშაოები წარმოებს, საგანგებოდ იწმინდება ქალაქის ცენტრალური ქუჩები და ის ადგილები, სადაც,შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილმა გაიაროს.
ქვეყნის პირველი პირი “ავერსის” ახლად აშენებულ კლინიკას გახსნის, შემდეგ კი საჯარო სამსახურებში დასაქმებულებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სააქტო დარბაზში შეხვდება.
“გურია ნიუსისთვის” ასევე ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთ გაზეთების გამავრცელებელს, რომელიც ჭავჭავაძის ქუჩაზე მუშაობს, პირველი საათის შემდეგ გაზეთების გაყიდვა აუკრძალეს. აქედან გამომდინარე ოზურგეთში პირველი საათის შემდეგ ცხოვრება რამდენიმე საათით უნდა “შეწყდეს”. ამ დროის მონაკვეთში კი გურიის ხელისუფლება ეტყვის ქვეყნის პირველ პირს, რომ “ოზურგეთში და არამარტო აქ, ცხოვრება მშვენიერია“.
ასევე. როგორც წყარო ამბობს, საჯარო სკოლის მოსწავლეები “რეპეტიციას” გადიან _ როცა დამრიგებელი თვალს “ჩაუკრავს” “მიშა”, “მიშა” უნდა დასჭექონ!
აღსანიშნავია, რომ რეგიონული მედიის წარმომადგენლები კლინიკის გახსნის ცერემონიალზე არავის მიუწვევია.