16 აპრილს, "გურია ნიუსის" პრესდარბაზში, ადგილობრივ მედიასთან პრესკონფერენცია გამართეს ლანჩხუთის საკრებულოს დეპუტატებმა ნაცმოძრაობიდან კახა ასკურავამ და გია გოგუაძემ.
საუბრის თემა მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ებში არსებული მდგომარეობის ანალიზი გახლდათ.
კახა ასკურავა: "ოფიციალურად გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, მდგომარეობა ძალიან რთული და საგანგაშოა. ამ განცხადების გაკეთების უფლებას მაძლევს ის მდგომარეობა, რომელიც დღესდღეობით ოფიციალური დოკუმენტაციის გამოთხოვის შემდეგ წარმოჩინდა მუნიციპალიტეტის არაკომერციულ იურიდიულ პირებში, იგივე ა(ა)იპ-ებში. სამწუხაროდ, სერიოზული პრობლემა შეგვექმნა საჯარო ინფორმაციის გამოთხოვასთან დაკავშირებით, მეტიც, ორმა ა(ა)იპ-მა საერთოდ არ ისურვა პასუხის გაცემა. მინდა უპირველეს ყოვლისა, გამგებელს მივმართო, რომელიც ახალი თვითმმართველობის კოდექსის თანახმად, უშუალოდ კურირებს ა(ა)ი პ-ებს და ამ ორგანიზაციების ხელმძღვანელებს, რომ ეს არის პირდაპირი კანონის დარღვევა, რომელიც დასჯადია."
ასკურავამ მედიასაშუალებების მიმართებით კრიტიკით გააგრძელა თავისი შესავალი სიტყვა და ადგილობრივი გაზეთები პრობლემების დამალვაში დაადანაშაულა:
"მაშინ, როცა თქვენს შორის ერთ-ერთი გაზეთი წინა ხელისუფლების ბიუჯეტს სალაილაოს და "საკატაოს" ეძახდა, 2014 წლის ბიუჯეტი საერთოდ ჩავარდა და ამაზე დაწერილი არც ერთ გაზეთში არ მინახავს. ყველა საკადრო დანიშვნა ნეპოტისტური, კლანური და ოჯახის წევრებზეა გათვლილი. სამწუხაროდ, არც ამაზე წამიკითხავს გაზეთებში. კონკურსი ფარსი იყო, გამგეობის საკონკურსო კომისიის სამ წევრს უშუალოდ გამგებელი ბრძანებით რომ ნიშნავს და ათავისუფლებს, როგორ იქნებიან ეს ადამიანები თავიანთ არჩევანში დამოუკიდებელნი, როცა თავად გამგებელია კომისიის თავმჯდომარე?! არც ამაზე მინახავს რეაგირება. თქვენ წარმოიდგინეთ ეს კონკურსი ნაციონალების მმართველობის პერიოდში რომ ჩატარებულიყო და მაღალქულიანი კონკურსანტების მაგიერ, უბრალოდ ბარიერგადალახული ადამიანები დანიშნულიყვნენ თანამდებობებზე, ამ შემთხვევაში რა მოხდებოდა? ვინც ვერ გადალახა ბარიერი უკეთესი სამსახურები გამოუძებნეს. მაგალითად, სუფსის რწმუნებულს ჩაჭრის შემდეგ, ბაღების გაერთიანებაში შეუქმნეს ერთ-ერთი ზონის თითიდან გამოწოვილი შტატი. საგულისხმოა შუხუთის მაგალითიც, სადაც უამრავმა შუხუთელმა გადალახა ბარიერი, მაგრამ მოვალეობის შემსრულებლად ის ადამიანი დაინიშნა, რომელსაც კონკურსთან შეხება არ ქონია. არც ამაზე გაუკეთებია რეაგირება მედიას. ის რა მდგომარეობაცაა ა(ა)იპ-ებში იცით საერთოდ? ყველას ბიუჯეტი დეფიციტურია და ის თანხები, რომელიც საკრებულომ დაამტკიცა, ჩვენს გარეშე რა თქმა უნდა, საკმარისი არაა და არცერთი ორგანიზაციის ხელმძღვანელი არ მოსულა საკრებულოში, დავსხდეთ, განვიხილოთ რა ხდება და გამოსავალი მოვძებნოთო. ჩვენ რაც შეგვიძლია საკრებულოს ტრიბუნას ვიყენებთ ხმის ამოსაღებად, პრობლემების დასაძლევად, მაგრამ 17 სხდომიდან 8 რიგგარეშე იყო, რომელთა პროცედურაც არ ითვალისწინებს ჩვენს გამოსვლებს. ამანაც გამოიწვია ჩვენი პრესკონფერენცია, რომ უფრო მეტი გვეთქვა თქვენთვის. ის კი არა, სხდომებზე გამოსვლასაც გვიკრძალავენ. ერთ-ერთ ბოლო სესიაზე გამოვიდა "ქართული ოცნების" ფრაქციის თავმჯდომარე, ამავდროულად გამგებლის ძმა და განაცხადა, ესენი ძაან ბევრს ლაპარაკობენ და ნუ მისცემთ ამის უფლებასო. რატომღაც ყველამ ყველაფერი იცის რა ხდება ლანჩხუთში, მაგრამ ყველა დუმს. არ ვიცი, რაა ამის მიზეზი, თუმცა, ფაქტია რომ ასეა", _ თქვა კახა ასკურავამ.
გია გოგუაძემ ა(ა)ი პ-ებში არსებული საკადრო სიტუაციის შესახებ ისაუბრა: "საკრებულოს ერთ-ერთ სხდომაზე მე განვაცხადე, რომ მოვითხოვე საჯარო ინფორმაცია ა(ა)იპ-ებიდან და იმ მომენტისთვის მხოლოდ სამ ორგანიზაციას ჰქონდა წარმოდგენილი პასუხი, მიუხედავად ვადის გასვლისა. სავარაუდოდ ამ ინფორმაციის გაჟღერების შემდეგ, სხვებმაც დააჩქარეს პასუხის გაცემა. ჩვენ ინფორმაციას ვითხოვდით როგორც საკრებულოს წევრები და არა რომელიმე პარტიის წარმომადგენლები. ზუსტად ვიცით, ვინ ვისთან გაიარა გამგეობაში კონსულტაციები აღნიშნული ინფორმაციის თაობაზე, სადაც მათ განუცხადეს, შეგიძლიათ გასცეთ ან არ გასცეთ ეს ინფორმაციაო. ამიტომაც ორმა ა(ა)იპ-მა _ "ტექსერვისმა", რომელსაც ფორმალურად ირაკლი ჩხაიძე ხელმძღვანელობს, რეალურად კი სხვა მართავს და საფეხბურთო კლუბმა "გურიამ" საჯარო ინფორმაციის გაცემა არ ისურვეს.
მუნიციპალიტეტში სულ 12 ა (ა) ი პ-ია დარეგისტრირებული და აქედან ერთი გაუქმებულია. ბიუჯეტში ასახულია, მაგრამ აქვს ნულოვანი ხარჯვა. დირექტორი შოთა პატარაიაა, მაგრამ ამ ორგანიზაციის ლიკვიდაცია ჯერ არ მომხდარა. სტადიონის თანამშრომლები როგორ გადაიყვანეს ხელშეკრულებით სხვაგან, ვერ ვხვდები. ფაქტია, რომ "გურია 2000" რეალურად უფუნქციოა.
ჩვენი მოთხოვნისთანავე სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა თანამშრომელმა დააანონსა, თითქოს ჩვენ არ გვქონდა მორალური უფლება რაიმე ინფორმაცია გამოგვეთხოვა. ზუსტად იმ ა(ა)იპ-მა არ მოგვცა ინფორმაცია, სადაც ეს პიროვნება რეალურად მართავს სიტუაციას. ისიც ვერ გაიგეს რას ვითხოვდით, ეგონათ ფინანსებზე ინფორმაციას ვამოწმებდით, რეალურად კი ვითხოვდით მხოლოდ შტატების რაოდენობას, ყოველგვარი გვარ-სახელების გარეშე. სამწუხაროდ, სწორედ ამ ადამიანის ზემოქმედების ქვეშ მოექცა მთელი გამგეობა და მისი სამსახურები. ატყდა რეკვები სად, როგორ მოქცეულიყვნენ. შეგვიძლია სხვა მეთოდებით მოვითხოვოთ აღნიშნული ინფორმაცია, თუნდაც სასამართლოს გზით. უბრალოდ, არ მეგონა ამ პატარა რაიონში ამის პრობლემა თუ დადგებოდა.
რაც შეხება საფეხბურთო კლუბ "გურიას", მე პირადად მაქვს მოსმენილი გამგებლის წინასაარჩევნო გამოსვლა, სადაც მან ოფიციალურად განაცხადა, რომ თავის დროზე გრიგოლეთის ბაზაზე მომხდარი გაუგებრობით (ჯართის დაჭრასთან დაკავშირებით) პირადადაა დაინტერესებული და შესაბამის ორგანოებსაც მიმართავს გამოსაძიებლად. მან "თაღლითიც" კი უწოდა ბაზის მაშინდელ ხელმძღვანელს _ გადის დრო და მას კლუბის წამყვან თანამდებობაზე ნიშნავს.
"რამიშვილის შოუდან" გავიგე კლუბის პრეზიდენტი რომ ყოფილა და ისედაც ბუნდოვანი თვითმმართველობის კოდექსით ყველა ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელი თვითონაა და რაში დასჭირდა პრეზიდენტობა, სიმართლე გითხრათ, ვერ ვხვდები. მითუმეტეს, რომ ის არის ადამიანი, რომელიც ყველა პასუხისმგებლობას გაურბის, პრემიების გაცემა იქნება თუ სხვა საკითხი. კარგად მახსოვს დარბაზში რომ იუარა კობა მირზაშვილის მოხსნა, ბრძანება შემომიტანეს და ალბათ, ხელი მოვაწერეო, – ასე იმართლა თავი. მე არ მგონია მას შემდეგ, რაც წინა საკრებულომ გამგებლად დაამტკიცა, ის აცნობიერებდეს, რომ გამგებელია და რეალურად გრძნობდეს პასუხისმგებლობას.
ჩვენ მაინც მოვიპოვეთ რაღაც ინფორმაცია და პირდაპირ გეტყვით, რომ კლუბში დღესდღეობით სრული ქაოსია გამეფებული. ხალხში ისმის საუბრები, რომ ბიუჯეტი ფეხბურთმა შეჭამა. ფეხბურთმა არა, მაგრამ უამრავი ზედმეტად დასაქმებული ადამიანების ხელფასმა _ კი.
გამგეობა, საკრებულო და ა(ა)იპ-ები ოჯახის წევრებს აქვთ გადანაწილებული. მშობელი, შვილი, ოჯახის წევრი _ ეს ჯაჭვი ჩალექილია ყველგან. ყველაზე ცუდი, რაც ამ მონაცემებში ვნახე _ ადამიანები შესაბამისი განათლების გარეშე, რომლებსაც არ ქონდათ კონკურსში მონაწილეობის უფლება, გადანაწილებულები არიან სხვადასხვა ორგანიზაციებში გაზრდილი ხელფასებით. ვინც გავიდა კონკურსზე და ჩაიჭრა, ისინიც დიდი ხელფასებით დასაქმდნენ. საგულისხმოა, რომ ყველა ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელს საკუთარი გადაწყვეტილებით გაზრდილი აქვს ხელფასი. 1 500- 1 500 ლარი აქვს "გურიას" სამივე დირექტორს. 1000-დან 850 ლარამდეა სხვა ორგანიზაციებში. რეორგანიზაციის შედეგად შექმნილ კულტურულ დაწესებულებებში ახალმოყვანილ, არაპროფესიონალ და პოლიტიკურად ანგაჟირებულ კადრებს, ორჯერ მეტი ხელფასი აქვთ ძველებზე, საკუთარი საქმის ნამდვილ პროფესიონალებზე.
ძალიან ცუდია, რომ სახელოვნებო სკოლებს, რომლებსაც წაართვეს ყველა სტატუსი, არაფერი დაუტოვეს და მის კურსდამთავრებულებს შვიდწლედის დასრულების დიპლომიც კი არ ეძლევათ. თავის დროზე გამგებელმა საკრებულოში ვითომ კულტურის სამინისტროს რეკომენდაციით და მართვის ეფექტურობის გაზრდის მიზნით, მოითხოვა ბიბლიოთეკების, მუზეუმების, სახელოვნებო სკოლების და კულტურის ცენტრის ერთ დიდ ცენტრში გაერთიანება და თანხმობაც მიიღო, რეალურად კი რა გამოვიდა? მივიღეთ 15 ხელმძღვანელი ერთის მაგიერ. წელიწადში 110 ათასი ლარი დამატებით მარტო ამათ ხელფასებში მიდის. დირექტორს 1000 ლარი აქვს. მოიგონეს ახალი შტატები -გასვლითი, შინაური, მასობრივი და ა. შ. ღონისძიებების მენეჯერები. ბოლოს ღონისძიება როდის ჩატარდა კულტურის სახლში არც გვახსოვს. მთლიანობაში ამ ა(ა)იპ-ის ბიუჯეტი 867 ათასი ლარია, 745 ათასი ლარი კი ხელფასებში მიდის (86%). ეს არის დასაქმების სუფთა მოდელი შეთითხნილი, ახალი მოგონილი თანამდებობებით და გაჩერებული ადამიანებით, რომლებიც ან თავად, ანაც ახლობლები დაასაქმეს. მთლიანობაში ამ ორგანიზაციაში 154 ადამიანი არის შტატში, 136 კი- ხელშეკრულებით, 55 კი ახალი კადრია.
"სკოლამდელ სააღმზრდელო ცენტრზე" გადავიდეთ. თავის დროზე ჩვენ დავაყენეთ საკითხი აღმზრდელებს პედაგოგის სტატუსი მივანიჭოთ და ხელფასებიც გავუზარდოთო. ეს არავინ გაითვალისწინა, სამაგიეროდ 27-კაციანი ხელმძღვანელი რგოლი შექმნეს, მოიგონეს ზონების პრინციპი, რომ გაეჩერებინათ და დაესაქმებინათ კონკურსში ჩაჭრილი ან არ გასული ადამიანები".
კახა ასკურავა: "ზაზა ურუშაძემ ყველაფერი გააკეთა ხერხემალში გადაეტეხა და პოლიტიკურად მოერჯულებინა ეს სამსახური. მაშინ, როცა ადამიანებს ხელბორკილებს ადებდნენ, ის თავის კაბინეტიდან განცხადებებს აკეთებდა, თუ როგორი ვირთხები იყვნენ მისივე მოყვანილი კადრები. უფრო მეტიც, დანამდვილებით ვიცი, საკუთრივ ბაღებში დასაქმებული ადამიანების 80% -ის სახლში გაშვებას გეგმავდნენ, ესენი ნაციონალები არიანო. თუმცა, სოფლებში წინააღმდეგობას წააწყდნენ და ვერ გაბედეს რიგითი, პატიოსანი ადამიანების სახლში გაშვება."
გია გოგუაძე: "არადა, იქ საკმაოდ კვალიფიციური კადრები იყვნენ და ახალ მოსულებს გაცილებით დიდი ხელფასი დაუნიშნეს. ბოლო სხდომაზე ვერ გავიგეთ რა უნდოდა ცენტრის დირექტორს, დათო წულაძეს. მესმის, უხერხულია მასზე ახლა საუბარი, ძმა ყავს გარდაცვლილი, მაგრამ მაინც ვიტყვი _ როგორც მაშინ გავიგეთ, ის ბაღების ბიუჯეტის ზრდას ითხოვდა, რამეთუ არც ერთი ბაღის შენობას დარაჯი არ ყავს. მახსოვს მაშინ მას რეპლიკაც ესროლეს, ამ ზონის მენეჯერებით რომ გაავსეთ ყველაფერი, ჯობდა დარაჯი დაგენიშნათო.
რაც შეეხება სპორტულ ცენტრს, გახსოვთ ალბათ, არსებობს აუდიტის დასკვნა, რომლის საფუძველზე იქ 2013 წელს პროკურატურაც კი შევიდა, რომელშიც წერია, რომ ხუთი თვის განმავლობაში აუზში წყალი არ ესხა და თანამშრომლებს ხელფასი მაინც ეძლეოდათ. ანალოგიური სიტუაციაა დღესაც, საკრებულოს კომისიამაც გადაამოწმა და განაცხადა 50 ადამიანი სულ ტყუილადაა იქ დასაქმებულიო. მაგრამ მივიღეთ, ის რომ 10 თანამშრომელი კიდევ დაამატეს და უცნაურია, რომ შტატში მხოლოდ ექვსია, 60 – ხელშეკრულებითაა. ბიუჯეტი 340 ათასი ლარია და აქედან 265 ათასი ლარი ხელფასებზე მიდის, მაშინ, როცა ცენტრს უამრავი ღონისძიებები აქვს ჩასატარებელი სპორტის სხვადასხვა სახეობებში.
პარადოქსული სიტუაციაა "საგარეო, ეკონომიკური ურთიერთობების, ინვესტიციების, ტურიზმის, ტრანსპორტისა და მეწარმეობის განვითარების ცენტრში". კონკურსში ვერ გასული, განათლების არმქონე ადამიანი ატარეს, ატარეს და აქ დანიშნეს 700 ლარიანი ხელფასით. უფრო მეტიც, ყველგან, სადაც იარა ამ ადამიანმა თან გაჰყვა სახელმწიფო მანქანა, რომელიც გამგეობის ბალანსზე იყო. ამ ცენტრში მართლაც ბევრი ნიჭიერი და განათლებული ადამიანია, რომლებსაც მართლაც ეკუთვნით ხელფასების ზრდა. თუმცა, მათ დარჩათ ძველი ხელფასები, დირექტორმა კი 1000 ლარი დაინიშნა, ახალმოსულებს კი 700 ლარი დაუნიშნა. აქ 18 ადამიანია შტატში, 11 ხელშეკრულებით, 5 ახალმიღებულია.
ამ ცენტრის ბიუჯეტი 130 ათასი ლარია, მაშინ, როცა ხელფასებზე 127 ათასი ლარია საჭირო (97%). სამი ათასი ლარი როგორ უნდა ეყოს კომუნალურ, საწვავის და სხვა ხარჯებს, ვერ გაგვიგია.თან რამდენი სფეროა? ასევე მოხდა ის, რომ ერთი ფრაქცია დაიშალა საკრებულოში და ახალ ფრაქციაში რომ შესულიყო, ერთ-ერთ მაჟორიტარ დეპუტატს სანაცვლოდ ამ ცენტრში უბოძეს სამსახური.
თავის დროზე გამგებელმა დიდის ამბით მოითხოვა საფეხბურთო ა(ა)იპ-ების გაერთიანება. მას უნდოდა დაეფიქსირებინა, რომ ფეხბურთში მილიონ 250 ათას ლარს დებდა. მაშინ მე პირადად განვუცხადე მას, რომ ეს თანხა არ ეყოფა გუნდს და კიდევ 250 ათასი დავამატოთო. შეურაცხმყოფელი იყო ის ფაქტი, რომ გამგებელს როცა მივეცით ამ გაერთიანების უფლება, მან ეს ვერ მოახერხა, მეტიც, დამატებით კიდევ ერთი ა(ა)იპ-ის შექმნის საკითხი შემოიტანა საკრებულოში. ჩვენ მაშინ პროტესტის ნიშნად დავტოვეთ სხდომა და თავმჯდომარეს განვუცხადეთ, თქვენ გვიპირისპირებთ ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელებსო. მაშინ, როცა 6 ა(ა)იპ-ი ცხვარივით შეიყვანეს ერთ ცენტრში, აქ გაერთიანების ნაცვლად "ქალთა ექსპერიმენტული სარაგბო ცენტრი" შეიქმნა დამატებით, რომელსაც უცნაური რამ სჭირს. სამსახურს სამი შტატი გააჩნია, რვა ადამიანი ხელშეკრულებითაა. მისი ბიუჯეტი 31 500 ლარია, ჩვენი გათვლებით კი მარტო ხელფასი 45 600 (!!!) ლარს შეადგენს.
არც ერთი ორგანიზაცია მუშაობას ვერ იწყებს, თუ ბიუჯეტი არაა შეთანხმებული გამგებელთან და საინტერესოა, როგორ მოუწერა მან ხელი ამ დეფიციტურ ბიუჯეტს? თუმცა, როგორც ჩვევია ამ შემთხვევაშიც ის ეცდება პასუხისმგებლობა სხვას გადააბრალოს, მაგრამ ფაქტია _ 14 ათასი ლარი უკვე დეფიციტია და ეს დანაშაულია უდაოდ.
რაც შეეხება საკრებულოს, მას არ უნდა მიეღო განსახილველად ამ ახალი ცენტრის საკითხი. რა გამოდის, გამგებელმა ვერ შესძლო სიტუაციის მართვა, ბავშვთა კლუბის ძველმა ხელმძღვანელმა არ ისურვა გაერთიანება და ახალი ა (ა) ი პ მიიღო, ახალმა კი დამოუკიდებლობა გაიტანა და ბავშვთა საფეხბურთო კლუბი შეინარჩუნა ცალკე სუბიექტად. ითქვა, რომ თავის დროზე ჩვენ თითქოს დარღვევით შევქმენით ეს კლუბი, მერე მოიყვანეს არგუმენტად, რომ თითქოს აკადემია უნდა შეიქმნას, რომელსაც ფედერაცია დაპირდა ფინანსურ დახმარებას. არადა, ფედერაციებს იქით ვეხმარებით, თორემ აქეთ რას უნდა ველოდოთ. მოკლედ, გამგებელმა გარკვეული პიროვნებების ბარიერი ვერ გადალახა, საკრებულოს თავმჯდომარის _ კი და უხერხულობაშიც ჩააყენა.
საკუთრივ ბავშვთა კლუბის ბიუჯეტი 130 ათასი ლარია, ხელფასებში კი 107 ათასი ლარია საჭირო. ჩვენ გვედავებოდნენ 15 ადამიანი გყავთ ისეთი, რომლებსაც სძინავთო. ახლა კი ერთიდან ორი სამსახურის შექმნით 38 ადამიანი მოიყვანეს. თუ არ ვცდები, ხუთ სხვადასხვა ზონალურ გათამაშებებში მონაწილეობენ ამ სკოლის ბავშვები და დარჩენილი თანხა საკმარისი ნაღდად არ იქნება საამისოდ.
ჯანდაცვის ცენტრში 35 თანამშრომელია შტატში, ხუთია ხელშეკრულებით. 105 ათასი ლარია ბიუჯეტი, 107 ათასი კი ხელფასებზე მიდის. აქაც ორი ათასი ლარია დეფიციტი. ყოველდღე ამატებენ ხალხს და ორგანიზაციის ხელმძღვანელი ფიზიკურადაც ვერ ატევს თანამშრომლებს და შტატების სახელის დასარქმევადაც ფანტაზიაც ამოეწურა.
ამ კუთხით ძალიან ბევრი პრობლემაა, განსაკუთრებით კულტურის დაწესებულებაში, იქაურობა "ყვარყვარეს ციხესავითაა", ხალხი ვერ ეტევა შენობაში და სახლიდან მიაქვთ სკამები.
დაბოლოს, არაოფიციალურ ინფორმაციაზე გადავალ, რომელიც საფეხბურთო კლუბ "გურიას" ეხება. მე მიმძიმს ამ თემაზე საუბარი, მაგრამ იქ ისეთი სიტუაციაა, იძულებული ვარ ვთქვა ყველაფერი. დაგეგმილის ნაცვლად, საბოლოოდ კლუბის ბიუჯეტი 970 ათას ლარამდე ჩამოვიდა, ხელფასი კი 161 ადამიანს ეძლევა. წარმოგიდგენიათ ეს ციფრი? 42 ფეხბურთელია ამათ შორის, მაგრამ დანარჩენი? დაახლოებით 60 ადამიანია ისეთი, წარმოდგენაც არ მაქვს თუ ვინ არიან. 5700 ლარია მარტო დირექტორატის ხუთი კაცის ხელფასი თვეში, რაც წელიწადში 68 ათას ლარზე მეტია. მოკლედ, კატასტროფაა, რაც აქ ხდება და რატომ აიღო გამგებელმა დამატებით კიდევ პასუხისმგებლობა, ეს ვერ გაგვიგია.
მართალია, ჩვენი ინფორმაცია არაოფიციალურია, მაგრამ არა მგონია ვცდებოდეთ. კი ბატონო, თუ ვცდებით დაგვიმტკიცონ და კეთილი ინებონ ყველა ხარჯები ოფიციალურად გაასაჯაროონ," _ განაცხადა გოგუაძემ.
პრესკონფერენციაზე გაცხადებული თითოეული ამ საკითხის შესახებ, "გურია ნიუსი" ხელისუფლების არგუმენტებს და როგორც ყოველთვის, ჟურნალისტურ მოკვლევას გააცნობს მკითხველს.