მოქალაქეებისთვის აუცილებელი სხვადასხვა საჭიროებების დასაფინანსებლად, თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურმა მიმდინარე კვირას 187 202 ლარის დაფინანსების გადაწყვეტილება მიიღო.
ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის სამედიცინო და სოციალური სერვისების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობის კომისიამ შესული 691 განცხადებიდან 622 დააკმაყოფილა.
დაავადებათა კლასის მიხედვით, მოქალაქეთა მოთხოვნებიდან ყველაზე დიდი მაჩვენებელი სისხლის მიმოქცევის სისტემების დაავადებებზე მოდის – 182, საიდანაც 169-ზე დადებითი პასუხი გაიცა და 32 754 ლარით დაფინანსდა. მომდევნო ადგილზეა სიმსივნეები – 101 მოთხოვნა, პასუხი დადებითია 87-ზე და გაიცა 34 968 ლარი, შემდეგ კი, ძვალ-კუნთოვანი სისტემისა და შემადგენელი ქსოვილების დაავადებებია – 65 მოთხოვნა, პასუხი დადებითია – 58-ზე და 19 806 ლარი გაიცა.
კომისიის მიერ განხილული განაცხადებიდან დიდი წილი მედიკამენტების მოთხოვნაზე მოდის 322, საიდანაც კომისიამ 306 დააკმაყოფილა და 52 266 ლარის დაფინანსება გასცა. 133 განაცხადი ოპერაციულ მკურნალობას ეხება, მათგან 115 დაფინანსდა და 59 227 ლარი გაიცა. სარეაბილიტაციო კურსის დაფინანსების მოთხოვნით მერიაში შემოსული 43 განაცხადიდან 35 დაფინანსდა და 13 200 ლარი გაიცა.
კომისია მოქალაქეთა მოთხოვნებს „სხვა სოციალური დახმარების ღონისძიებების“ პროგრამის ფარგლებში აფინანსებს. პროგრამის 2015 წლის ბიუჯეტი 15 000 000 ლარია.