უმუშევრობა, მძიმე სოციალური ფონი, მოუწესრიგებელი წყლისა და კანალიზაციის სისტემა, გადაუხურავი საცხოვრებელი სახლები – ეს ის პრობლემებია, რომლითაც საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი, რამდენიმე დღის წინ, ქალაქ ოზურგეთში, შევარდნაძის ქუჩაზე მდებარე საერთო საცხოვრებლის მობინადრეებით დაინტერესდა.
"განსაკუთრებით მწვავე მდგომარეობაა ე.წ. კომბინატის დასახლებაში, სადაც 28 ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს. უმწვავესი პრობლემების მოსაგვარებლად ადგილობრივი თვითმართველობისა და მმართველობის ორგანოებს მეტი აქტიურობა მართებს. ჩვენ ვგეგმავთ საფუძვლიანად შევისწავლოთ აქ დასახლებული ოჯახების პრობლემები და მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში შევიმუშაოთ შესაბამისი რეკომენდაციები",- განაცხადა სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ.
"გურია ნიუსი" აღნიშნული ბინის მცხოვრებლების ამ პრობლემების შესახებ არაერთხელ წერდა.
სართო საცხოვერბელში მცხოვრებთა უმეტესობა სოციალურად დაუცველის სტატუსს ატარებს. აქ ცხოვრობენ მარტოხელები, მრავალშვილიანი ოჯახები და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებიც. ამ სოციალურად მძიმე ფონს, მძიმე ყოფაც ემატება _ საცხოვრებელი ბინები ავარიულ მდგომარეობაშია, მოუწესრიგებელია წყლისა და კანალიზაციის სისტემა. 28 ოჯახს აქვს ერთი საერთო ონკანი და ტუალეტი.
"ძალიან გაჭირვებულები ვართ, არც წყალი გვაქვს და არც კანალიზაცია. გზა ნახეთ, რა დღეშია _ ბავშვები კისრამდე ტალახში დადიან. გაწვიმდება და შეგეშინდება ღამის გათევის, ახლა წაიქცევა ბინა და შიგ მოვყვებითო. ქარი და წვიმა რომ იქნება, ყოფა გაუსაძლისია, ხელისუფლების შვილები გაუძლებენ ასეთ პირობებს? ჯერ აქამდე მოსასვლელი ცენტრალური გზა ნახეთ, რა მდგომარეობაა. ძალიან გვიხარია, რომ ჩვენი პრობლემებით სახალხო დამცველიც დაინტერესდა", _ ამბობენ ბინის მცხოვრებლები.
"ასე უყურადღებოდ ეს კუთხე და უბანი რომაა, არსად იქნება. არანაირი პირობები არ გვაქვს. არ გვაქვს კანალიზაცია. წარმოგიდგენიათ, რა მდგომარეობაში ვიქნებით?!" ათასჯერ მოვიდნენ, ათასჯერ გადაგვიღეს ფოტოები, მაგრამ ყურადღებას არავინ გვაქცევს. ჩვენთან მაშინ მოდიან, როცა არჩევნებია. არჩევნებამდე დაგვპირდნენ, რომ ბავშვებისთვის სკვერს გააკეთებდნენ, მაგრამ დამთავრდება არჩევნები და არავის ვახსოვართ, არავის ვჭირდებით! როგორც კი გაწვიმდება დაკეტილ ფანჯრებში შემოდის წყალი. აქ იცხოვრება? სიძველისგან კედლები სულ დაბზარულია, ზაფხულში კანალიზაციის გამო ვერ გაჩერდები", _ აღნიშნავს აქ მცხოვრები ეთერ ჯიბლაძე.
სახალხო დამცველი ქალაქ ოზურგეთში შევარდნაძის ქუჩაზე მდებარე საერთო საცხოვრებელში მობინადრე სოციალურად დაუცველი მოსახლეობის პრობლემებზეც ამახვილებს ყურადღებას:
"საზღვრის ერთჯერადად გადაკვეთის გამო მათ უმრავლესობას შეუჩერდა სოციალური დახმარება. მიუხედავად იმისა, რომ „კომბინატის" დასახლებაში ადგილობრივი მოსახლეობის უმრავლესობა 50 წელზე მეტია ცხოვრობს, ამ დრომდე ვერ ხერხდება ფართების საკუთრებაში გადაცემა. შენობების უმრავლესობა ბარაკის ტიპისაა და საგრძნობლად დაზიანებულია, გაუმართავი კანალიზაციის შედეგად უხვი ნალექის შემთხვევებში ტერიტორია იტბორება და სანიტარული მდგომარეობა საგანგაშო ხდება. აღნიშნულ დასახლებაში უმძიმეს პირობებში უწევთ ცხოვრება ხანდაზმულებსა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, რომელთა შორისაც ზოგიერთს არ გააჩნია ეტლი. ბავშვებს არ აქვთ სათამაშო მოედანი.
ნამდვილად უმძიმეს შთაბეჭდილებას ტოვებს ამ ადამიანების ცხოვრების არასათანადო დონე. სახელმწიფო ვალდებულია მიმართოს ყველა ძალისხმევას, რათა არსებული ვითარება შეძლებისდაგვარად უმოკლეს ვადებში გამოსწორდეს."
"გურია ნიუსი" დაუკავშირდა ქალაქ ოზურგეთის მერიას კომენტარისთვის. პრესსამსხურის განმარტებით , ქალაქ ოზურგეთის მერი ბეგლარ სიორიძე აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარს ხვალ გააკეთებს.
ამავე თემაზე: "დამთავრდება არჩევნები და არავის ვახსოვართ, არავის ვჭირდებით!"