საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სხდომებში მონაწილეობას აგრძელებს.
უკრაინაში პოლიტიკური და უსაფრთხოების კუთხით შექმნილი ვითარების შესახებ გამართული დებატების ფარგლებში, ევროსაბჭოს სიტყვით საქართველოს პარლამენტის წევრმა, ზვიად კვაჭანტირაძემ მიმართა. დეპუტატის განცხადებით, საქართველოში უკრაინას ახლო მეგობრად და პარტნიორად განიხილავენ და მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობას მხარს უჭერენ.
"ჩვენ, ყველა, შეშფოთებულნი ვართ უკრაინაში არსებული ვითარებით და სავარაუდოდ, ყველა მხარს დავუჭერთ უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. უკრაინას საქართველოში ყველა ახლო მეგობრად და ტრადიციულ პარტნიორად განიხილავს და ვისწრაფვით თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისკენ ჩვენი ერთობლივი ინტერესების ყველა სფეროში. ჩვენ დიდად ვაფასებთ ორ ქვეყანას შორის არსებულ ძლიერ მხარდაჭერას, რადგან ისინი საერთო გამოწვევების წინაშე დგანან. რასაკვირველია, ჩვენ მტკიცედ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას ყველგან", – განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.
საქართველოს პარლამენტის წევრის განცხადებით, კონფლიქტის მოგვარება უკრაინის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების პატივისცემის პრინციპებს ეფუძნება.
"თითოეული ჩვენგანი, აქ, ვგმობთ ოკუპაციას და ყირიმის ანექსიას, რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში. თითოეული ჩვენგანი ხაზს უსვამს, რომ არსებული კონფლიქტის მოგვარება ეფუძნება უკრაინის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების პატივისცემის პრინციპებს. თითოეული ჩვენგანი ხაზს უსვამს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებების სრულად პატივისცემის საჭიროებას. ამ მხრივ საქართველოს მწარე გამოცდილების გათვალისწინებით, მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს კოლეგებს შვედეთიდან, რუმინეთიდან და უკრაინიდან ამ საკითხის ხსენებისთვის“, – განაცხადა დეპუტატმა. მისივე თქმით, აუცილებელია რუსეთზე საერთაშორისო ზეწოლის კონსოლიდაცია, რათა მან შეთანხმება შეასრულოს. „ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის პროგრესს საერთაშორისო პოლიტიკაში და უკრაინაში მიმდინარე რეფორმებს, მაგრამ მოკრძალებული თხოვნა მექნებოდა – გთხოვთ, ყველაფერი გააკეთოთ იმისთვის, რომ არ გაიმეოროთ ის შეცდომები, რომლებიც საქართველოში დავუშვით, რადგან ეს შეცდომები, შესაძლოა, მიუტევებელი იყოს", – აღნიშნა ზვიად კვაჭანტირაძემ.
სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს პარლამენტის წევრმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს უკრაინელი სამხედრო მფრინავის, ნადია სავჩენკოს გათავისუფლებისკენ მოუწოდა.
"ძალიან სასარგებლო იქნება, თუ თითოეული ჩვენგანი რუსეთის საზოგადოებას მივმართავთ, რომ ნადია სავჩენკოს თავისუფლებას მხარი დაუჭიროს", – მიმართა დამსწრეთ ზვიად კვაჭანტირაძემ.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სხდომებში საქართველოს პარლამენტის წევრები ეკა ბესელია, ზვიად კვაჭანტირაძე, გუგული მაღრაძე, ლევან ბერძენიშვილი, ჩიორა თაქთაქიშვილი და გიორგი კანდელაკი მონაწილეობენ.

































































