ირაკლი ღარიბაშვილი გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის ახალ მინისტრს უახლოეს დღეებში დაასახელებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერმა თავად განუცხადა.
რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ელგუჯა ხოკრიშვილი შესაძლოა, ბიძინა გიორგობიანმა შეცვალოს, პრემიერი ამ ინფორმაციას არ ადასტურებს და განმარტავს, რომ გარემოს დაცვის მინისტრის პოსტზე ბიძინა გიორგობიანის კანდიდატურა არ განიხილება.
"ბატონი ელგუჯა არის ძალიან კომპეტენტური, კვალიფიციური და უწესიერესი ადამიანი. მართლა გული დამწყდა, რომ ვეღარ შეძლო მუშაობის გაგრძელება, მაგრამ ჰქონდა საპატიოს მიზეზი – მისი ოჯახი გერმანიაში ცხოვრობს. ვინაიდან ოჯახი ჩემთვისაც ძალიან ძვირფასია, ვეღარ გავუწიე წინააღმდეგობა. მინდა, ბატონ ელგუჯას გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადავუხადო და წარმატებები ვუსურვო. რაც შეეხება ახალ მინისტრს, მას უახლოეს დღეებში დავასახელებ. ბიძინა გიორგობიანის კანდიდატურა არ განიხილება", – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.