ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭანიეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, ოთხ ჰექტარ ფართობზე სადემონსტრაციო ნაკვეთის მოწყობა და გაშენება, რამდენიმე დღეა, რაც დაიწყო. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის თხოვნის საფუძველზე, ეკონომიკის სამინისტრომ მუნიციპალიტეტს საკუთრებაში გადასცა აღნიშნული ტერიტორია, რის შემდეგაც გამგეობამ ა(ა)იპ ფერმერული მეურნეობის განვითარების ცენტრს მიაკუთვნა.
სოფლის მეურნეობის სამსახურისა და აღნიშნული ცენტრის ხელმძღვანელთა ძალისხმევით, ნაკვეთის ირგვლივ გაითხარა სადრენაჟე არხები, მოხდა მთელი ტერიტორიის დახვნა. შემოიტანეს დეფეკაციური ტალახი, რომლითაც ნიადაგი განოყიერდება.
შემდგომ ეტაპზე აქ მოხდება გურიაში აპრობირებული ნერგების გამოყვანა ფერმერთათვის ხელმისაწვდომ ფასებში. ასევე, დაგეგმილია სასათბურე მეურნეობის შექმნა, მეცხოველეობაში ელიტარული ჯიშის დანერგვის სადგურის გახსნა. აღნიშნულ ჯიშობრივ დანერგვაში ოზურგეთის ფერმერული განვითარების ცენტრმა უკვე აღიარება მოიპოვა მთელ რესპუბლიკაში.
ფერმერული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი შალვა შავიშვილი იმედოვნებს, რომ მუშაობის ასეთი ტემპით უახლოეს სამ წელიწადში, სადემონსტრაციო ნაკვეთი მართლაც საჩვენებელი გახდება.