სააღდგომო დღესასწაულის შემდეგ, მსუყე სუფრის ნაცვლად, მსუბუქი ფხალეული კერძების მირთმევას გირჩევთ. ახლა გაზაფხულის ის პერიოდია, როცა ოჯახში ერთხელ მაინც უნდა გააკეთოთ ჭინჭრის, მოლოქას თუ შერეული ბალახის კერძი.
ჭინჭრის ფხალი ერთ-ერთი საუკეთესოა, სავსე ვიტამინებით. მოვკრიფოთ ნორჩი წვეროები, შევურიოთ ცოტ-ცოტა კამა, ოხრახუში, ნიახური, ჟოლოს ნორჩი დუყები. მოვხარშოთ, დავწუროთ თუშფლანგზე ისე, რომ ცოტა სისველე დარჩეს. დავკეპოთ და შევკმაზოთ გატარებული ნიგვზით, ვუყოთ ხმელი ქინძი, უცხო სუნელი, წიწაკა, ნიორი, მარილი გემოვნებით, ძალიან კარგია ცოტა კვაწარახს (ყარაო) თუ ვუზამთ.
და ბოლოს ვუყოთ წვრილად დაჭრილი ნედლი ქინძი, ოხრახუში და პრასი.
პრასის ფხალი ნიგვზით გავაკეთოთ ასე _ ძირებიანად ამოღებული პრასი კარგად გავასუფთავოთ, მოვხარშოთ დაუჭრელად. შემდეგ გავწუროთ და ცალკე მოვამზადოთ ჩვეულებრივი საკმაზი: გატარებული ნიგოზი, ხმელი ქინძი, უცხო სუნელი, ზაფრანი, წიწაკა, მარილი გემოვნებით, ცოტა ძმარი. შემდეგ ავიღოთ მთლიანი პრასი, ამოვავლოთ ამ საკმაზში, დავგორგლოთ და დავდოთ სინზე. ასე მოვამზადოთ სათითაოდ. მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ქინძი, ოხრახუში და კამა.