"2015 წლის 30 მარტს, ქალაქ ოზურგეთში დავით აღმაშენებლის ქუჩაზე, 23 საათზე შეაჩერეს ავტომანქანა, რომელსაც მართავდა გურამ ანდღულაძე, მას აღმოჩნდა ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში გაცემული მართვის მოწმობა", _აღნიშნულია იმ საჯარიმო ქვითარზე, რომელიც შსს გურიის საპატრულოს თანამშრომლებმა გურამ ანდღულაძეს მიაწოდეს.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ქვედა ბახვში მცხოვრები გურამ ანდღულაძე, პატრულმა 500 ლარით იმ მიზეზით დააჯარიმა, რომ მას მართვის მოწმობა ე.წ სამხრეთ ოსეთში, ცხინვალში ჰქონდა აღებული, ხოლო გურამის მამა გურინა ანდღულაძე კი 700 ლარით, იმის გამო, რომ მან საჭე გადასცა მართვის მოწმობის არმქონე პირს.
გურინა ანდღულაძემ საჩივრით მიმართა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს. პირველი პროცესი დღეს გაიმართა. როგორც დაჯარიმებული აცხადებს, მას ჯარიმა სამართალდამცავებმა უკანონოდ გამოუწერეს.
"ღამის 11 საათზე, შემოწმების მიზნით, ქალაქ ოზურგეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე საპატრულო პოლიციამ გააჩერა ჩემი შვილი, შეამოწმეს სიმთვრალეზე, რომელიც არ აღმოაჩნდა, მოსთხოვეს საბუთები, რადგან მართვის მოწმობა იყო გაცემული ე.წ. სამხრეთ ოსეთში, პატრულმა გამოუწერა საჯარიმო ქვითარი, სადაც მითითებული იყო, რომ მართვის მოწმობა არ ჰქონდა. თუმცა ეს მოწმობა 2007 წლის ოქტომბერში იყო გაცემული, ამ დროს კი ცხინვალი ოკუპირებად ტერიტორიად არ ითვლებოდა, იდგა სამშვიდობო ჯარი.
მიუთითეს მუხლი ადმინისტრაციულ სამართლადარღევათა 121 პირველი ნაწილით, მართვის მოწმობის უქონლობა და დააჯარიმეს 500 ლარით. პატრულ ინსპექტორებმა განმარტეს, რომ ეს ტერიტორია საქართველოს არ ეკუთვნოდა. მეორე დღეს მე დამიბარეს და 700 ლარით დამაჯარიმეს, რადგან მართვის მოწმობის არ მქონე პირს გადავეცი მანქანა", _ აღნიშნავს ანდღულაძე და დასძენს, რომ მისი შვილი, რამდენჯერმე გააჩერა პატრულმა ბათუმშიც, ოზურგეთში, შემოწმების მიზნით, თუმცა არცერთხელ მსგავსი პრობლემის წინაშე არ დამდგარან.
მომდევნო სასამართლო პროცესი ორშაბათს 4 საათზე გაიმართება.