ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით მთავრობამ კულტურული მიმართულებით ბევრი რამ გააკეთა:
_ წელს ჩვენ დავიწყეთ მუშაობა საქართველოს კულტურის პოლიტიკის საპროგრამო დოკუმენტზე. მინდა მოგახსენოთ, რომ ხელი მოეწერა ევროკავშირის უმსხვილესი პროგრამის – „კრეატიული ევროპის“ ხელშეკრულებას, რომლის ბიუჯეტი 1 მილიარდ 465 მილიონი ევროა. ამიერიდან ქართველ ხელოვანებს ექნებათ საშუალება მიიღონ სოლიდური დაფინანსება სხვადასხვა პროექტის განსახორცილებელად. ეს მათთვის ნამდვილად დიდი სტიმული იქნება.
ჩვენ ასევე გავზარდეთ საქართველოს ეროვნული კინოცენტრის დაფინანსება 1 მილიონი ლარით, _ განაცხადა პრემიერ-მინისტრმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
მთავრობის მეთაურის განცხადებით კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და რეაბილიტაციის პროცესი საერთაშორისო კონვენციების, მსოფლიოში აღიარებული სტანდარტების, იუნესკოსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების გათვალისწინებით წარიმართება:
_ გაგრძელდება კომპლექსური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების: მუცოს არქიტექტურული კომპლექსის, ვარძიის ისტორიულ-არქიტექტურული კომპლექსის, სოფელ ჩაჟაშის, ნოქალაქევის არქიტექტურული კომპლექსის, ასევე სქურის ეკლესიის რეაბილიტაცია, ბებრისციხის გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოები, ნოღის ციხის რეაბილიტაცია, გაგრძელდება სამუშაოები ბაგინეთის არქეოლოგიურ ძეგლზე და სხვა.
დაგეგმილია ატენის სიონის, თბილისის მეტეხის, ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმის, საფარის ტაძრის, სენაკის აკაკი ხორავას სახელობის დრამატული თეატრის შენობის, ზუგდიდის დადიანების სასახლის კომპლექსში ნიკო დადიანის სასახლის, მირზა გელოვანის სახლ-მუზეუმის, შორეთის სამონასტრო კომპლექსის საპროექტო და ფიზიკური სარეაბილიტაციო სამუშაოები.
საგანგებო ღონისძიებები გატარდება ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის დასაცავად. სახელმწიფო ენაზე იზრუნებს სახელმწიფო, რათა გარანტირებული იყოს ქართული ენის კონსტიტუციური სტატუსის დაცვა, _ განაცხადა პრემიერმა.