ოზურგეთში მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 70 წლისთავთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიებები მიმდინარეობს.
დილით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ომის მონაწილეებთან ერთად გმირთა მოედანზე, ომში დაღუპულთა ობელისკთან პატივი მიაგეს ომში დაღუპულ გმირებს.
გურიის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის, ქეთი მოისწრაფეშვილის თქმით, გურიის მასშტაბით მეორე მსოფლიო ომის მონაწილე 69 ვეტერანია დარჩენილი, რომლებსაც სახელმწიფოსგან, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით 1000-1000 ლარი მიიღეს, 52 ოჯახმა კი, რომლებსაც მარჩენალ დაკარგული სტატუსი აქვთ 500-500 ლარი.
მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 70 წლისთავთან დაკავშირებით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი, მერაბ ჭანუყვაძე, მოადგილეებთან ერთად ომის ვეტერანებს შეხვდა, მცირე სადილით გაუმასპინძლდა და ომის გმირები საიუბილეო მედლით დაჯილდოვა. გარდა ამისა, მუნიციპალიტეტმა ვეტერანებს 200 ლარიანი ფულადი პრემია გადასცა.
სპეციალური შეხვედრა გაიმართა ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში. ქალაქ ოზურგეთის მერმა ბეგლარ სიორიძემ 8 ვეტერანს უმასპინძლა, რომლებსაც მედლები გადასცა. ასევე გადაეცათ სამედიცინო დიაგნოსტიკური ცენტრის “ბიომედიკა გეორგიას“ ერთწლიანი უფასო ვაუჩერი, რომელიც იმ კვლევებს აფინანსებს, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვაში არ შედის. ვეტერანებს ასევე ჩაერიცხათ 100-100 ლარი.