გურიის ახალი გუბერნატორის გია სალუქვაძის ირგვლივ სკანდალი უკვე აგორდა _ "გურია ნიუსის" ვებგვერდზე გამოქვეყნებული მისი ბიოგრაფიის სისწორეში ბევრმა ეჭვი შეიტანა.
ბიოგრაფიაში, რომელიც სალუქვაძემ რამდენიმე დღის წინ მოგვაწოდა, განათლების გრაფაში ვკითხულობთ: 1976 _ იურიდიული ფაკულტეტი; 1979-1982 _ ინგლისი, ოქსფორდის უნივერსიტეტი; 1983-1985 _ თბილისის ივ.ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
_ ჯერ ოქსფორდი დაამთავრა და მერე ჯავახიშვილი? გურულები ასე ადვილად მოსატყუებელი ხალხი ვგონივართ? გვანახოს ოქსფორდის დიპლომი, _ ამბობენ გუბერნატორის ოპონენტები.
"გურია ნიუსი" დეტალების გასარკვევად სალუქვაძეს დაუკავშირდა და ოქსფორდის უნივერსიტეტის დიპლომის გამოგზავნა სთხოვა:
_ ოქსფორდი არ დამიმთავრებია _ იქ სტუდენტური გაცვლითი პროგრამით ვიმყოფებოდი, _ განმარტა სალუქვაძემ და უფრო მეტი კონკრეტიკისთვის CV-ის "თანამედროვე ვერსია" გამოგვიგზავნა.
"თანამდროვე სტილში" გაკეთებულ ბიოგრაფიაში ვკითხულობთ: 1985 წელს დაამთავრა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი _ სპეციალობა, სამართალმცოდნე.
სამუშაო გამოცდილება
2013 წლის თებერვლიდან დღემდე _ სს გეს "საქრუსენერგოს" გენერალური დირექტორის მრჩეველი;
2003-2007 წწ _ ქალაქ თბილისის მერიის გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე;
2000-2003 წწ _ საქართველოს კონტროლის პალატა: სპეცდავალებათა სამმართველოს უფროსის მოადგილე;
1998-2000 წწ _ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია, წევრი;
1982-1997 წწ _ შინაგან საქმეთა სამინისტრო, საგამოძიებო განყოფილების უფროსი.
სხვა
ინგლისი ოქსფორდის უნივერსიტეტი, სტუდენტური გაცვლითი პროგრამა;
2001 წ. _ ბუდაპეშტი, აშშ იუსტიციის დეპარტამენტი FBI-ს აკადემია, სერთიფიკატი (კანონის ძალის დაცვა და ურთიერთთანამშრომლობა მთელ მსოფლიოში);
2002 წ. _ აშშ, ამერიკის იურისტთა ასოციაცია. აუდიტორთა და ინსპექტორთა საპროცედურო ტრეინინგი;
2007-2013 წწ. _ პოლიტიკური მოღვაწეობა;
2011-2013 წწ. _ საპატიმრო, სტატუსი _ პოლიტპატიმარი;
2014 წ. _ არასამთავრობო ორგანიზაცია "ყველა თაობა საქართველოსთვის" თავმჯდომარე.