გუშინ, 18 მაისს, გია სალუქვაძე გურიის გუბერნატორის რანგში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს პირველად ეწვია, თუმცა, რატომღაც ადგილობრივმა ხელმძღვანელობამ მასთან შეხვედრა ჟურნალისტების გარეშე არჩია. როგორც გადავამოწმეთ, გამგეობის პრესსამსახურს არავინ გაუფრთხილებია სალუქვაძის სტუმრობასთან დაკავშირებით.
ოფიციალური ინფორმაციით კი, გუბერნატორს მასპინძლობას მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ურუშაძე და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გელა კილაძე უწევდნენ.
მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მათ ეგნატე ნინოშვილის სახელობის მემორიალური მუზეუმი დაათვალიერეს და მუზეუმის სამომავლო სტრატეგიაც მოისმინეს; ასევე, დაესწრნენ ვალოდია წულაძის სახელობის კინოსა და თეატრის მუზეუმში გამართულ ღონისძიებასაც.
გია სალუქვაძემ ნიგოითის საზოგადოებრივი ცენტრი მოინახულა და აქაურობა მოიწონა კიდეც.
დაბოლოს, გუბერნატორი, მასპინძლებთან ერთად, სოფელ ქვიანის ახლადგახსნილ საბავშვო ბაღსაც სტუმრობდა. როგორც ირკვევა, მას აღფრთოვანება ვერ დაუმალავს და აღუნიშნია კიდეც, რომ ბავშვებზე ზრუნვა ხელისუფლების პრიორიტეტია.
მოკლედ, ეს ყველაფერი ძალიან კარგია, თუმცა რამდენიმე კითხვის დასმის საშუალება ჟურნალისტებსაც რომ ქონოდა, გაცილებით უკეთესი იქნებოდა.
აი, თუნდაც ერთი – ბატონო გია, რამდენად მიზანშეწონილად მიგაჩნიათ ქვიანის საბავშვო ბაღის შენობის ექსპლუატაციაში გაშვება, რომელსაც არ გააჩნია სათადარიგო გასასვლელი _ შენობას მხოლოდ ერთი კარი აქვს.
ალბათ, გამგეობის პრესსამსახურს არ სურდა, გუბერნატორისთვის მსგავსი კითხვები დაგვესვა და ამიტომაც გაასაიდუმლოვა მისი სტუმრობა.