ჩვენი სახელმწიფოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კონსტიტუციური ვალდებულება უსაფრთხო შრომის უზრუნველყოფაა, _ ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა შრომის დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განაცხადა.
„28 აპრილს გაერო შრომის დაცვის საერთაშორისო დღეს – სამუშაო ადგილებზე გარდაცვლილთა და დაშავებულთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. შრომის უსაფრთხოების საკითხი საქართველოშიც მწვავედ დგას. ჩვენი სახელმწიფოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კონსტიტუციური ვალდებულება უსაფრთხო შრომის უზრუნველყოფაა. ამიტომ ყველამ და პირველ რიგში, შესაბამისმა სახელმწიფო ორგანოებმა, ერთად უნდა დავნერგოთ და გავაძლიეროთ ყველა ის სტანდარტი და მექანიზმი, რომელიც დაგვაზღვევს ტრაგედიებისგან და დასაქმებულ ადამიანს დაცვის სათანადო გარანტიებს შეუქმნის. ჩვენ ისე უნდა ვაშენოთ ქვეყანა და ვიშრომოთ, რომ არ დავკარგოთ ყველაზე მთავარი ღირებულება – ჩვენი თანამოქალაქეების სიცოცხლე”, – ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.