გავრცელებული ინფორმაციით, დღეს ლანჩხუთის გამგებლის პირველ მოადგილეს, ვახტანგ ზენაიშვილს მუნიციპალიტეტის პირველმა პირმა ზაზა ურუშაძემ სამსახურიდან წასვლის თაობაზე განცხადების დაწერა მოსთხოვა, თუმცა, ვახტანგ ზენაიშვილი თანამდებობის დატოვებას საკუთარი ნებით არ აპირებს.
"დიდი ხანია წვალობენ, რომ მე გამგებლის პირველი მოადგილის პოსტი დამატოვებინონ, ბოლოს კაზარიანის ფაქტორიც კი გამოიყენეს, თუმცა უშედეგოდ. დღეს გამგებელმა, ზაზა ურუშაძემ პირადად მითხრა, რომ არ შეიძლება ოპოზიციური პარტიის წევრი გამგებლის პირველი მოადგილე იყოს და ამიტომ უნდა წახვიდე, რა თქმა უნდა, საკუთარი განცხადებითო. თუ ვინმე ამიხსნის, ეს რატომაა დაუშვებელი, იმ წუთასავე დავწერ განცხადებას.
ახლა ველოდები, როდის დაწერენ ბრძანებას ჩემი გათავისუფლების შესახებ, მე თავად არ ვაპირებ დაწერას", _ აცხადებს ზენაიშვილი.
ინფორმაციის გადასამოწმებლად ზაზა ურუშაძესაც დავუკავშირდით, რომელიც კატეგორიულად უარყოფს აღნიშნულ ფაქტს.
_ ბატონო ზაზა, გვიდასტურებთ, რომ ზენაიშვილს თანამდებობიდან წასვლა ურჩიეთ?
_ ვინ გითხრათ ეს ამბავი, თავად დაგირეკათ?
_ არა, ბატონო ზაზა, ინფორმაცია გავრცელდა და ჩვენ დავუკავშირდით.
_ არ ვიცი, მან რა გითხრათ, მაგრამ აბსურდია. მით უმეტეს, პარტიულ კუთვნილებაზე სულ არ ყოფილა საუბარი. ჯერ არც ბრძანება დაწერილა და არც არაფერი, ეს კაცი ჩვეულებრივად მუშაობს.
_ პარტიულ კუთვნილებაზე არა, მაგრამ, სხვა რამეზე გქონდათ მასთან საუბარი?
_ არ მქონია მასთან საუბარი.
_ ზენაიშვილი საკუთარი ნებით არ აპირებს წასვლას, თქვენ აპირებთ ბრძანების დაწერას?
_ არ აპირებს და ნუ აპირებს. თუ რამე ცვლილება იქნება, ამას თავის დროზე გაიგებთ.