ქალაქ ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატის ნათია შარაშენიძის განცხადებით, აპრილის თვეში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის კაბინეტში შურაცხყოფა მიაყენა საფინანსო -საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა გია მამაკაიშვილმა. მისივე თქმით, ეს შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა მოქალაქეებს გამგებელთან დახმარების სათხოვნელად მიჰყვა.
შარაშიძემ ამის გამო აქციაც კი გამართა და მამაკაიშვილის პასუხიმგებლობის დაყენება მოითხოვა.
დეპუტატის თქმით, საკრებულოს ეთიკის, სამანდატო საპროცედურო, იურიდიულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ მისი განცხადება უგულებელყო
"ადგილობრივი ხელისუფლება, რომლის პირდაპირი მოვალეობაა, დაიცვას კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები, თავად იქცა კანონდამრღვევად _ თვითმმართველობა მთლიანად ამოვარდა სამართლებრივი ჩარჩოებიდან. ამ ყოველივეს ემატება არაკომპეტენტურობაც, რადგან ჩემს მიერ 4 მაისს შეტანილ წერილზე, სადაც ვითხოვდი ჩემს შეურაცხყოფასთან დაკავშირებით, დაწყებულიყო საჯარო განხილვა ჟურნალისტების თანდასწრებით, მსგავსს პასუხს არ მომწერდა საკრებულოს ეთიკის, სამანდატო საპროცედურო, იურიდიულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე _ პასუხი არის არასრულყოფილი და მთლიანად უგულებელყოფილია ჩემი განცხადება; გარდა ამისა დარღვეულია პასუხის გაცემის ვადები, რაც ასევე კანონდარღვევაა. კანონდამრღვევი საკრებულო, ეჭვგარეშეა, ჯეროვნად ვერ ახორციელებს თავის უფლება-მოვალეობებს, იმიტომ, რომ პოლიტიზირებულია. აქედან გამომდინარე, დასკვნა ერთია _ თვითმმართველობა ემსახურება ერთი პარტიის და ცალკეული პიროვნებების ინტერესებს. მოვითხოვ, საკრებულოს თავმჯდომარისგან, განიხილოს ეროდი გორდელაძის პასუხისმგებლობის საკითხი," _ განაცხადა ნათია შარაშენიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.