საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ შექმნილი საგანგებო შტაბის წევრებს დავალებები მისცა.
მთავრობის მეთაურის დავალების შესაბამისად, დაიწყება ზარალის აღწერა, რათა მოსახლეობის დახმარება უმოკლეს ვადებში მოხერხდეს. შესაბამისი უწყებების კოორდინაციას სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო განახორციელებს.
პრემიერმა შინაგან საქმეთა მინისტრისა და თბილისის მერისგან მოისმინა ინფორმაცია ჩატარებული და მიმდინარე სამაშველო სამუშაოების შესახებ.
ოფიციალური ინფორმაციით, სტიქიას ორი ადამიანი ემსხვერპლა.
პრემიერის დავალებით შექმნილი შტაბი საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობს. სამაშველო ჯგუფები მობილიზებული არიან დედაქალაქის ყველა რაიონში.
"საკმაოდ რთული ვითარებაა, მსგავსი დედაქალაქში არ ყოფილა. მთელი მთავრობა, თბილისის მერია და შესაბამისი სამსახურები მობილიზებული არიან. ჩვენ დავეხმარებით ყველა ოჯახს, ვინც სტიქიის შედეგად დაზარალდა. ვიცი, რომ ბევრს სახლები დაენგრა. რამდენიმე ათეული ადამიანის გადარჩენა მოხერხდა. ჩვენმა მაშველებმა, პატრულმა, ძალიან კარგად იმუშავეს და მინდა, ყველა დავამშვიდო, რომ სიტუაცია კონტროლდება და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მაქსიმალურად მოკლე ვადებში აღმოიფხვრას ეს ყველაფერი",- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.