სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ინფორმაციით სამედიცინო დაწესებულებებში, ამ დროისთვის რჩება 6 დაშავებული. ყველა მათგანის მდგომარეობა სტაბილურია.
სვანიძის ქუჩაზე გვარდიის რეზერვის ასეულის და მოხალისეების მონაწილეობით გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
ბაგების დამეწყრილ ადგილზე მუშაობენ კონტრაქტორი კომპანიის სპეციალისტები, მათ შორის ტოპოგრაფები. უახლოეს საათებში მოხდება ადგილზე მძიმე ტექნიკის შეყვანა ძირითადი სამუშაოების დასაწყებად.
ბაგებში, უჩანეიშვილის პირველ გასასვლელში დაზარალდა რამდენიმე ოჯახი. ადგილზე ვითარებას ეცნობიან სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს და რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლები. გამგეობის ორგანიზებით დაზარალებულებთან გაიგზავნა, პირველადი საჭიროების ნივთები.
ზოოპარკის ტერიტორიაზე მუშაობენ ისრაელიდან და ჩეხეთიდან ჩამოსული სპეციალისტები, რომლებსაც სტიქიური უბედურების დროს მუშაობის გამოცდილება და სათანადო აღჭურვილობა გააჩნიათ. მათ მიერ განხორციელებული სამუშაოს ძირითადი მიზანი დაღუპული ცხოველებიდან მომდინარე შესაძლო დაავადების გავრცელების რისკის პრევენციაა.
სატრანსპორტო მოძრაობა აღდგენილია სტიქიის შედეგად დაზიანებულ ძირითად უბნებზე. გმირთა მოედანზე არსებულ ესტაკადას ჩაუტარდა ექსპერტიზა.
აღნიშნული სამუშაო ტექნიკური უნივერსიტეტის სპეციალისტების ჯგუფმა განახორციელა.