იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთში რიგით 22-ე საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა. ღონისძიებას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე შიო ხეცურიანი, სხვადასხვა სახელმწიფო უწყების, კერძო სექტორისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.
საზოგადოებრივ ცენტრში მოსახლეობას საშუალება ექნება, ისარგებლოს საჯარო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი სერვისით. დაბადების მოწმობისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მისაღებად ქონების რეგისტრაციისა და საბანკო მომსახურებით სარგებლობისათვის ადგილობრივებს მუნიციპალურ ცენტრში წასვლა აღარ მოუწევთ, რაც მათ თანხებისა და დროის დაზოგვის საშუალებას მისცემს. უახლესი ტექნიკით აღჭურვილ შენობაში კაზრეთის მცხოვრებთ ადგილობრივი კადრები მოემსახურებიან. საზოგადოებრივ ცენტრში ხელმისაწვდომი იქნება უფასო ინტერნეტი და კომპიუტერები.
აღსანიშნავია, რომ კაზრეთის საზოგადოებრივი ცენტრი 12000-ზე მეტ მოსახლეს შესთავაზებს სერვისს. საზოგადოებრივ ცენტრში იმუშავებს უფასო ინტერნეტი, კომპიუტერები და ვიდეოკონფერენციის აპარატურა. აქვე განთავსებულია ელექტრონული ბიბლიოთეკაც. საზოგადოებრივი ცენტრები ხელმისაწვდომი იქნება ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, აგრეთვე, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისათვის. მათ საშუალება ექნებათ კომფორტულ გარემოში შეხვდნენ მოსახლეობას, მიაწოდონ ინფორმაცია, იმსჯელონ აქტუალურ საკითხებზე, დაგეგმონ და ჩაატარონ სხვადასხვა ღონისძიება.
დაბა კაზრეთის გარდა საქართველოში მოქმედი 21 საზოგადოებრივი ცენტრია, რომელთა მეშვეობით 200-ზე მეტი მომსახურების მიღება უკვე შეუძლია შაშიანის, სართიჭალის, გომის, რუისის, ჭალადიდის, ხევის, მანგლისის, კოდას, ფოკას, ნიგოითის, ჯვრის, შორაპნის, ყვარელწყალი/დუისის, მუხაესტატეს, გეგუთის, მეჯვრისხევის, კაჭრეთის, ხიდისთავის, ნუკრიანის, კორბოულისა და ღორეშას მოსახლეობას.