შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ადიგენის, ახალციხის და ბორჯომის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 14 პირი: 1972 წელს დაბადებული ისააკ ბ, 1971 წელს დაბადებული ჯამბულ კ, 1980 დაბადებული გოჩა მ, 1984 წელს დაბადებული არჩილ შ,1981 წელს დაბადებული მინდია ც, 1957 წელს დაბადებული ნოდარ გ, 1982 წელს დაბადებული დავით ქ, 1986 წელს დაბადებული გიორგი მ, 1979 წელს დაბადებული ზაქარია ს, 1971 წელს დაბადებული ზაქარია ა, 1987 წელს დაბადებული ლევან ხ, 1966 წელს დაბადებული გელა ფ, 1982 წელს დაბადებული მანუჩარ პ. და 1957 წელს დაბადებული შალვა გ. ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის, ტყით უკანონოდ სარგებლობის, უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის პირველადი გადამუშავების, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ნორმატიული აქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სათანადო დოკუმენტის ან სპეციალური ფირნიშით მარკირების გარეშე ხე-ტყის ტრანსპორტირების და ხე-ტყის პირველადი გადამამუშავებელი ობიექტის ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევის ფაქტებზე ამხილეს.
უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ახალციხის რაიონის სოფელ სვირის სატყეო უბანში მინდია ც-ს მართვის ქვეშ მყოფი სატვირთო ავტომანქანიდან წიწვოვანი ჯიშის, უკანონოდ მოჭრილი, 13 ცალი ხუთი მეტრის სიგრძის სამასალე მერქანი ამოიღეს. მხილებულმა, მას შემდეგ, რაც სამართალდამცველებმა მისი მართვის ქვეშ მყოფი, უკანონოდ მოჭრილი ხე-ტყით დატვირთული სატვირთო ავტომანქანა აღმოაჩინეს,შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადა, მაგრამ პოლიციამ მინდია ც. იმავე ტყეში აღმოაჩინა.
სამართალდამცველებმა ადიგენის რაიონში ასევე უკანონოდ მოჭრილი, 28 ცალი, 5 მეტრი სიგრძის და 55 ცალი 3 მეტრის სიგრძის სამასალე მერქანი, ბორჯომის რაიონში – 26 ცალი 3 მეტრის სიგრძის და 10 კუბური მეტრი სამასალე მერქანი, ახალციხის რაიონში კი უკანონოდ მოჭრილი 18 ცალი, 3 მეტრი სიგრძის სამასალე მერქანი ამოიღეს, ხოლო სამივე რაიონში უკანონო სახერხი საამქროები დალუქეს.
გამოძიება ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის, ტყით უკანონოდ სარგებლობის, უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის პირველადი გადამუშავების, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ნორმატიული აქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სათანადო დოკუმენტის ან სპეციალური ფირნიშით მარკირების გარეშე ხე-ტყის ტრანსპორტირების და ხე-ტყის პირველადი გადამამუშავებელი ობიექტის ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 66-ე მუხლით, 128-ე პრიმა-2 მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებით, 128-ე პრიმა-3 მუხლის მე-3 ნაწილით).