დიასპორის საკითხებში საქართველოს სახემწიფო მინისტრის აპარატში, დიასპორასთან ურთიერთობის სამთავრობო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი უწყებათაშორისი საბჭოს სხდომა გაიმართა.
სხდომაზე დიასპორასთან ურთიერთობის სამთავრობო სტრატეგიის სამუშაო ვარიანტი განიხილეს. დიასპორის საკითხებში საქართველოს სახემწიფო მინისტრმა, გელა დუმბაძემ სტრატეგიის ძირითად პრინციპებზე, მიზნებსა და ამოცანებზე ისაუბრა. სხდომაზე იმ ინიციატივების შესახებაც იმსჯელეს, რომლებიც ქართული ენისა და კულტურის შენარჩუნებასა და პოპულარიზაციას ემსახურება.
უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, შალვა კიკნაველიძემ დიასპორასთან ურთიერთობის სტრატეგიასა და ხელისუფლების მხრიდან ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების შესახებ ისაუბრა.
_ ქართული სახელმწიფო და ხელისუფლება აცნობიერებს პასუხისმგებლობას ჩვენი მილიონზე მეტი თანამემამულის წინაშე, რომლებიც ბოლო ათწლეულების მანძილზე საზღვარგარეთ იმყოფებიან. მათ გვერდით დგომა, მათი მხარდაჭერა ჩვენი სახელმწიფოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ შემუშავებული სტრატეგიის სამუშაო ვერსია კომიტეტმა ცოტა ხნის წინ განიხილა და მხარდაჭერა გამოუცხადა.
ჩვენი კომიტეტი აქტიურად გააგრძელებს თანამშრომლობას უწყებათაშორისი საბჭოს ფორმატში, რათა გადაიდგას სწორედ ის ნაბიჯები, რომლებიც კონკრეტულ შედეგს მოუტანს ჩვენს თანამემამულეებს, – განაცხადა შალვა კიკნაველიძემ.