თბილისის მერი დავით ნარმანია 1991-2015 წლებში ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმების შესახებ ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრო.
სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრისა და ფონდ "ღია საზოგადოება- საქართველოს" ერთობლივად მომზადებულ ანგარიშში შეფასებულია 1991-2015 წლებში განხორციელებული ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმები. დოკუმენტის პირველ ნაწილში საუბარია საქართველოში 1991-2012 წლებში თვითმმართველობის სისტემის განვითარების ტენდენციებზე. ასევე, შეფასებულია დეცენტრალიზაციის განვითარების პროცესი. ანგარიშის მეორე ნაწილი კი ეხება რეფორმების მზადების ეტაპს, 2013 წლის "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის" მომზადებისა და მიღების პოლიტიკურ პროცესს, 2014 წელს ახალი ორგანული კანონის მიღების შემდგომ რეფორმის მიმდინარეობას და არსებულ პრობლემებს, შეფასებულია ამ სფეროში არსებული ვითარება 2015 წლის იანვრის მდგომარეობით და რეფორმების განვითარების პერსპექტივები.
თბილისის მერის თქმით, საქართველოში თვითმმართველობის სისტემა დღეს ევროპულ მოდელს უახლოვდება. ნარმანიას განცხადებით, გარანტირებულია თვითმმართველობის დამოუკიდებლობა, ადგილობრივი ხელისუფლება რეალურად არის ხალხთან. ნარმანიას თქმით, ასევე მნიშვნელოვანი მიღწევაა თვითმმართველობებში მერებისა და გამგებლების არჩევა.
"ქვეყანაში ახლა მიმდინარეობს თვითმმართველობის რეფორმა. მუშაობის პროცესში უნდა გავითვალისწინოთ წარსულში დაშვებული შეცდომები და გავიზიაროთ წარმატებული მაგალითები", – განაცხადა დავით ნარმანიამ.