დიეტის დაწყებისას გახსოვდეთ: ორგანიზმი რომ არ დაზიანდეს, უნდა დაიკლოთ თვეში 4-5 კილოგრამი, თანაც, მხოლოდ 3 თვის განმავლობაში (ანუ, სამჯერ 4-5 კილოგრამი), შემდეგ კი 1-2 თვით უნდა შეისვენოთ.
ყოველთვის, როცა წახემსებას დააპირებთ, დაფიქრდით, მართლა გშიათ თუ, უბრალოდ, განწყობის გამოსწორებას ცდილობთ? ეცადეთ, რომ კვება იყოს სრულფასოვანი და აუცილებლად მიიღეთ ვიტამინები. ნუ მოითმენთ ძლიერ შიმშილს და, ბოლოს, გაუკეთეთ საკუთარ თავს პატარა საჩუქარი – ყოველი დიდი გამარჯვების შემდეგ ყავასთან ერთად მიირთვით შოკოლადის პატარა ნატეხი, დალიეთ მურაბიანი ჩაი ან დააგემოვნეთ თქვენი საყვარელი დელიკატესი მცირე რაოდენობით.
თუ საათების ზუსტად დაცვას ვერ ახერხებთ, შეეცადეთ, დაახლოებით ერთსა და იმავე დროს იკვებოთ. ასეთი რეჟიმი ხელს უწყობს ჯანსაღ ნივთიერებათა ცვლას. ყოველი ლუკმა დაღეჭეთ ნელა, რომ ტვინმა მიიღოს სიმაძღრის სიგნალი – ასე თავიდან აიცილებთ ზედმეტი საკვების მიღებას.
მადის გაკონტროლება გაცილებით გაგიადვილდებათ, თუ საკვებს მიირთმევთ პატარა ზომის ლურჯი ან იისფერი თეფშიდან და არა მათლაფიდან. გარდა ამისა, არავითარ შემთხვევაში არ დაიმატოთ კერძი.
პროდუქტების შეძენისას ყურადღებით წაიკითხეთ ეტიკეტი. სასურველია, მასში არ შედიოდეს არც ერთი E (ემულგატორი), რომელთა შორის ყველაზე მავნებელია E621 (ნატრიუმის გლუტანამი). გარდა იმისა, რომ საშიშია ჯანმრთელობისთვის, ის ძალიან აძლიერებს მადას.
ახალგამოწურული წვენისგან ან ბალახეულის ნახარშისგან გააკეთეთ ყინულის კუბიკები, გადმოიღეთ ჭიქაში და მოაყარეთ წვრილად დაჭრილი რომელიმე ხილი და რამდენიმე ცალი ნებისმიერი კენკრა. მიირთვით გემრიელად და არ შეგეშინდეთ წონაში მომატების (უმჯობესია, ეს დესერტი ზაფხულში მოამზადოთ, რომ გამაგრილებელი ეფექტიც ჰქონდეს).
შემოიღეთ წესად: დღეში ერთხელ მაინც, თუნდაც 10 წუთის განმავლობაში იარეთ კიბეებზე ზემოთ-ქვემოთ, ან, უბრალოდ, გააკეთეთ 20-25 ბუქნი – ასე 85 კილოკალორიას დაწვავთ.
ციტრუსების არომატი აქვეითებს მადას. ამიტომ, შეეცადეთ, სამზარეულოში ხშირად ჩართოთ არომანათურა, ან, სულაც, ციტრუსის ქერქი ცეცხლზე მოწვით; კიდევ უფრო უკეთესია, თუ თეფშზე დააწყობთ კანიანად დაჭრილ ლიმონს, ფორთოხალს, მანდარინსა და გრეიპფრუტს (თითოეული ციტრუსის 2-3 ნაჭერიც საკმარისია) და მთელი დღით შემოდგამთ მაცივარზე.
თუ წვავთ თევზს ან ხორცს, დანამეთ ლიმონის წვენით და მათი ცხიმი ორგანიზმში არ გაჩერდება.
თუ საღამოს ძალიან მოგშივდათ, მოიმზადეთ მსუბუქი ვახშამი: 2 სადილის კოვზ სიმინდის "ფანტელებს" დაასხით 1 ჩაის ჭიქა რძე, ნახევარი ჩაის კოვზი თაფლი, კარგად მოურიეთ და მიირთვით – შიმშილი მაშინვე უკან დაიხევს.
ტელევიზორის ყურებისას მოერიდეთ სასუსნავებს, თანაც, ნუ დაიზარებთ და ყოველი რეკლამის დროს 5 წუთი წაივარჯიშეთ (იქვე, ტელევიზორის წინ). ალბათ, იფიქრებთ, ხუთი წუთი წავარჯიშება რას მიზამსო, მაგრამ, რეკლამა ისე ხშირად გადის, ჯამში, საკმაოდ სერიოზული ვარჯიში გამოგივათ.