შპს "ჯეჯილი" ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურში მდებარებს. ხორბლის გადამამუშავებელი საწარმო, ძირითადად ფქვილს და საქონლის საკვებს, ე.წ "კორმას" უშვებს.
აღნიშნული შპს ამჟამინდელი მფლობელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანების მკვიდრი გია ბოლქვაძეა.
"გურია ნიუსის" წყაროს ინფორმაციით, შპს "ჯეჯილი" გაკოტრების პირზეა. ამის მიზეზად, რამდენიმე დღის წინ, საწარმოში დასაქმებული ერთ-ერთი პირის მიერ სადისტრიბუციო ქსელში დარიგებული პროდუქციის თანხა 26 000 დოლარის თაღლითური გზით მითვისება სახელდება.
შ.ტ გია ბოლქვაძის ახლო ნათესავია, მან უკვე გადაკვეთა ქვეყნის საზღვარი, – ამის შესახებ მოვაჭრეებმა განუცხადეს, რომლებსაც უშუალო შეხება აქვთ აღნიშნული შპს -ს თანამდებობის პირებთან. მათივე თქმით, ამჟამად საწარმო გაჩერებულია და დროებით არ ფუნქციონირებს.
ხორბლის გადამამუშავებელი საწარმო, თავდაპირველად ოფიციალურად ეკუთვნოდა ქალაქ ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის გელა კობალაძეს.
"გურია ნიუსის" წყაროს ინფორმაციით, აღნიშნული თანხა, 26 000 აშშ დოლარი, რომელიც სადისტრიბუციო ქსელში იყო დარიგებული, შპს "ჯეჯილს" პროგრესს ბანკიდან ოზურგეთელმა ბიზნესმენმა, პროგრესს ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ ილია კეჭაყმაძემ გამოატანინა.
ჩვენი წყაროს ინფორმაციით, შ.ტ-ს მიერ მიერ მითვისებული 26 000 დოლარის მეწილეები ბიზნესმენი ილია კეჭაყმაძე და ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გელა კობალაძეა, თუმცა არცერთი მათგანი ჩვენთან საუბრისას აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებს, მეტიც კატეგორიულად უარყოფენ.
"გურია ნიუსი" შეეცადა ინფორმაცია ყველა იმ პირთან გადაემოწმებინა, რომლებიც აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით არიან დაკავშირებული.
ადგილზე მისულებს საწარმოს დირექტორი არ დაგვხდა. როგორც მუშებმა გვითხრეს, ის თბილისში იმყოფებოდა. საწარმოს კარები ღია დაგვხვდა, თუმცა პროდუქცია არ იყიდებოდა.
"საწარმოს მუშაობა დროებით შეჩერებული აქვს, დაახლოებით ერთი თვეა, სხვა ჩვენ არაფერი არ ვიცით"_ გვითხრა ერთ-ერთმა მუშამ.
ჩვენს კითხვაზე, ვინ არის საწარმოს მფლობელი, გვითხრეს, რომ აღნიშნული შპს – სამი კაცის საკუთრებაა, თუმცა მათ სახელისა და გვარის დაკონკრეტებისგან თავი შეიკავეს.
"სამი კაცის საკუთრებაა, სამია მეწილე, ვერ გეტყვით სახელს და გვარებს, ისე გია დადის მხოლოდ აქ, ისაა დირექტორი"_ გვითხრა საწარმოში დასაქმებულმა.
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გელა კობალაძე აღნიშნავს, რომ შპს "ჯეჯილი" მისი საკუთრება ნამდვილად იყო, თუმცა ამჟამად საწარმოსთან არანაირი კავშირი არ გააჩნია.
"საჯარო მოხელეს აკრძალული აქვს ყველანაირი ბიზნესი, ამის შესახებ თქვენც კარგად გეცოდინებათ. ამისათვის ჩემს მიერ დაფუძნებული შპს “ჯეჯილი“, რომლის 100 % მფლობელიც და დირექტორიც მე ვიყავი, სამმართავად გადავეცი ჩემს მეუღლეს, დაინიშნა დირექტორად, მე გავთავისუფლდი ყოველგვარი ბიზნეს საქმიანობისგან. ამის შემდეგ ფაქტიურად აღარ მეცალა ბიზნესისთვის და გავასხვისე ეს ქონება. ამიტომ გეტყვით, რომ არანაირი შეხება არ მაქვს აღნიშნულ საწარმოსთან. შესაბამისად, არც კავშირი მაქვს საწარმოში არსებულ რაიმე თანხებთან"_ აღნიშნავს კობალაძე.
რაც შეეხება მისი მეგობრის ილია კეჭაყმაძის ჩართულობას ბიზნესში, კონკრეტულად შპს "ჯეჯილთან" დაკავშირებით, კობალაძე ხაზს უსვამს კეჭაყმაძესთან მხოლოდ მეგობრულ კავშირს.
"არც ჩემი თანხებია მაგ საქმეში, რაზეც თქვენ საუბრობთ. არანაირი კავშირი საწარმოსთან არ მაქვს. როცა მე ვიყავი ამ შპს 100 % მეწილე და მეპატრონე, ილია კეჭაყმაძეს ჩემთან, თანხებთან დაკავშირებით არანაირი შეხება არ ჰქონია. ჩვენ უბრალოდ ვართ მეგობრები და ნათესაური კავშირი გვაქვს"_ გვითხრა კობალაძემ.
"გურია ნიუსი" დაუკავშირდა შპს "ჯეჯილის" ხორბლის გადამამუშავებელი საწარმოს ამჟამინდელ მფლობელს გია ბოლქვაძეს, რომელმაც აღნიშნული ინფორმაცია უარყო:
"ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, ჭორია, არავის არ წაურთმევია ჩვენთვის ფული. მე "ჯეჯილის" დირექტორი და ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი წილის მფლობელი ვარ.
ფულის აღება ჩვენთან ასე არ ხდება. შ.ტ. ჩემი თანამშრომელი იყო ნამდვილად. ახლა რუსეთში წავიდა. რატომ წავიდა, ვერ გეტყვით. შეგიძლიათ სხვის ინფორმაციას დაეყრდნოთ. ჩემი ახლობელია, ნათესავია, ჩემი მიყვანილია სამსახურში. ჩვენ გვაქვს ბანკის ვალი, ერთ-ერთი ბანკიდან გვაქვს გამოტანილი."
ბატონო გია! ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თქვენმა თანამშრომელმა შ.ტ-მ საწარმოში ჩადებული თანხა 26 000 დოლარი მიითვისა და ამჟამად საქართველო დატოვა, თქვენთვის ახალი ინფორმაციაა?
ახალი ნამდვილად არ არის ჩემთვის ეს ინფორმაცია, გამიგია მეც ამის შესახებ, დადის ეს ჭორი ქალაქში. საიდან წამოვიდა არ ვიცი, ვერ გეტყვით, ალბათ მემტერებიან, იჭორაონ და იყვნენ.
ამბობენ, რომ ეს თანხა ეკუთვნის საკრებულოს თავმჯდომარეს გელა კობალაძეს და ოზურგეთელ ბიზნესმენს ილია კეჭაყმაძეს. ამის შესახებ რას გვეტყვით?
ესეც ჭორია და თან ძალიან დიდი ჭორი. არანაირი შეხება ბიზნესში კეჭაყმაძესა და კობალაძესთან არ მაქვს, გარდა იმისა, რომ ეს ობიექტი ვიყიდე კობალაძისგან. ილიას ასე ახლოს არ ვიცნობ, გელას კი.
ფინანსური შეხება არცერთ მათგანთან არ მაქვს. შ.ტ თუ იცნობს არ ვიცი, ეგ ილიას ჰკითხეთ.
აღნიშნულ ინფორმაციას, თავად მოვაჭრეები ამბობენ ბატონო გია…
მოვაჭრეებმა რა იციან ჩემი თანხაა აქ, გელას თუ ილიას. ეს იმდენად კონფიდეციალური ინფორმაციებია, რომ არა მგონია, ამის შესახებ მოვაჭრეებმა რამე იცოდნენ.
თქვენი საწარმო ახლა მუშაობს?
საწარმო ახლა მუშაობს. ისე ამდენი შეკითხვა ჩემთვის პროკურატურას არ დაუსვამს, თქვენ რატომ მეკითხებით? ეს არის კონფიდენციალური ინფორმაცია, საიდან მაქვს თანხა ჩადებული საწარმოში, ვინ გაიტანა, რომელი ბანკიდან მაქვს სესხი აღებული, ვის რა თანხას ვაძლევ, ამის უფლება გაქვთ, ასეთი შეკითხვები დამისვათ?“ _ გვითხრა გია ბოლქვაძემ.
"გურია ნიუსი" შეეცადა თავად შ.ტ-ს დაკავშირებოდა, თუმცა შ.ტ დედამ გვითხრა, ის საქართველოში არ იმყოფება.
ნ. გ . – შ.ტ დედა: "არანაირ ინფორმაციას არ ვფლობ, წარმოდგენა არ მაქვს. კი ჩემი შვილი შ. ტ. მუშაობდა შპს "ჯეჯილში" , დირექტორის გია ბოლქვაძის მძღოლი იყო, გია ბოლქვაძე ჩემი ნათესავია. ამჟამად შ.ტ სახლში არ იმყოფება, სად არის ვერ გეტყვით. ჰკითხეთ სხვებს, ვინც ეს ინფორმაცია მოგაწოდათ, ის უფრო გეტყვით ამის შესახებ. ჩემმა შვილმა რამდენიმე დღეა საქართველო დატოვა"_ ამბობს შ.ტ დედა.
წარმოშობით ოზურგეთელი ბიზნესმენი ილია კეჭაყმაძე ამბობს, რომ შ.ტ კარგად იცნობს, მასთან ურეკში, ერთ-ერთ რესტორანში მუშაობდა, თუმცა თანხის მითვისების გამო სამსახურიდან დაითხოვა. ამჯერად კი მასთან არანაირი შეეხება არ აქვს.
"მე შ.ტ . თანხას წამართმევდა და არაფერს არ მოვიქმედებდი? ტყუილია ეს ინფორმაცია, გელა კობალაძე ნამდვილად იყო მაგ შპს მეპატრონე, თუმცა გაყიდა და მიყიდა ბოლქვაძეს. გია ბოლქვაძე პატიოსანი ბიჭია, შ.ტ. მისი ნათესავია. მას ადრე ჩემთან, დაახლოებით 5 წლის წინ ჰქონდა ურთიერთობა, იყო "ნაციონალი", სასტუმროში მუშაობდა, ურეკში და იქედან მალე გავაგდე. ამის შემდეგ მასთან რა საერთო უნდა მქონდეს? მასთან არანაირი კავშირი არ მქონია"_ ამბობს კეჭაყმაძე.
რაც შეეხება საწარმოდან გამქრალ 22 000 დოლარს, რომელიც შპს "ჯეჯილს" პროგრესს ბანკიდან აქვს გამოტანილი, ილია კეჭაყმაძე ადასტურებს. "გია ბოლქვაძეს აქვს ჩემს ბანკში სესხი და პატიოსნად იხდის. მე სხვა არაფერი ვიცი."